2015jb

წინა წლის შემაჯამებელ პოსტში 2014 წელს ვუხდიდი მადლობას. 2015-მა მასაც აჯობა: ყველა მიზანი მიღწეულია და ისიც, რაც არ დაგვიგეგმავს. მოკლედ ჩამოვწერ:

შეგვეძნა მეორე შვილი;

ჩავაბარე CFA მეორე დონის გამოცდა (7 თვის ფეხმძიმემ);

გავარემონტეთ და გავაავეჯიანეთ წინა წელს შეძენილი ბინა (გავფართოვდით) და ახლა იქიდან ვპოსტავ;

დამაწინაურეს;

მომემატა ანაზღაურება;

შევიძნეთ ახალი მანქანა;

ჩემმა მეუღლემ ჩააბარა თავისი გამოცდა;

მეუღლემ დრამატულად დაიკლო წონაში.

გეგმაში კი მხოლოდ პირველი სამი პუნქტი მქონდა (მეუღლეს – ბოლო ორიც, ალბათ). ჰოდა, ორი ათას თხუთმეტო წელო, მიიღე ჩვენი ოჯახისგან გულწრფელი მადლობა. ყოველთვის ტკბილად გაგვახსენდები❤

აქვე ყველას გილოცავთ დამდეგ 2016 წელს. დაე, თქვენთვის გამორჩეულად კარგი წელი დამდგარიყოს!

ლგბტ თემის მიმართ საკუთარი ტოლერანტული დამოკიდებულების დაფიქსირების პასუხად რამდენჯერმე მიმიღია ‘კონტრარგუმენტად’ კითხვა: “შენი შვილი რომ გეი იყოს?”

კითხვის დამსმელის გასაოცრად ეს არგუმენტი არც ქვაა, არც რკინა და არც საკითხია ისეთი, რაზეც ერთი (ძალიან მალე ორი) ბიჭის დედას არ მიფიქრია. გუშინ იგივე კითხვა ჩემს მეუღლეს დაუსვეს, რაზეც უპასუხა: “გამიხარდება თუ არა? არა, არ გამიხარდება. მაგრამ ამის გამო არათუ არ ‘მოვკლავ’, – არც მოვიკვეთავ, ყველგან დავიცავ, სადაც შევძლებ, და ვინმე თუ მეტყვის, შენი შვილი ასეთიაო, თავს არ დავხრი! რადგან ჩემი შვილია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ის ვიღაც!”

მეც ამ ბლოგზე ვუპასუხებ ასეთი შეკითხვის ყველა პოტენციურ დამსმელს: “მინდა თუ არა, რომ ჩემი შვილი გეი იყოს? არა, არ მინდა. მაგრამ თუ მისი ჰომოსექუალური ორიენტაციის შესახებ შევიტყობ, მე მას გულში ჩავიკრავ და ვეტყვი, რომ ძალიან ვწუხვარ. ვწუხვარ იმ სიძნელეების და ბრძოლების გამო, რომლის გადატანაც მოუხდა. ვწუხვარ იმ შევიწროების და დისკრიმინაციის გამო, რომელიც წინ ელოდება. და რომ ყველა ამ ბრძოლაში გვერდით ამოვუდგები. და ყოველთვის ვიამაყებ მისი დადებით პიროვნული თვისებების გამო.”

მე ორი ბისექსუალი მეგობარი მყავს (შეიძლება მეტიც, მაგრამ მხოლოდ ორის შესახებ ვიცი). მათ მინდა მივულოცო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე! მივულოცო ყველა ის წარმატება, რასაც საერთაშორისო ლგბტ თემმა ბოლო ასწლეულის განმავლობაში მიაღწია. და იმედი გამოვთქვა, რომ ყოველ მომდევნო 17 მაისს მეტი ტოლერანტული ადამიანი ეყოლებათ გარშემო.

2014 ბრწყინვალე წელი იყო! სამი გეგმიდან 1 პროგრამა მაქსიმუმით და ორიც პროგრამა–მინიმუმით შევასრულეთ🙂

CFA-ს პირველი დონის გამოცდა პირველ გასვლაზე ჩავაბარე🙂 ფინანსისტები გამიგებენ სიახულსაც და ერთგვარ სიამაყესაც.

უფრო დიდი ბინა შევიძინეთ. გარემონტება და სახლში გადასვლა 2015-ისთვის გადავდეთ, მაგრამ 4-ოთახიანი ბინა პერსპექტივაში გაზრდილი ოჯახისათვის, თანაც მშვენიერ ფასად, 2014 წლის კარგი საჩუქარია.

მესამე გეგმა კი ჩვენი სამსულიანი ოჯახის გამრავლებას შეეხებოდა. წლის მიწურულს, 23 დეკემბერს ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე😀 ჰოდა, 2015-ის აგვისტოში მატებას ველოდებით.

გარდა ამისა, იყო სხვა ფინანსური თუ არაფინანსური წარმატებებიც, პატარ-პატარა სიხარულები, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე გადატანილი 365 დღე.

მადლობა, ორი ათას თოთხმეტო! დადებითი მოვლენებით, უდაოდ, ყველაზე მეტად დატვირთული წელი იყავი.

2015-სგანაც მინდა მაქსიმუმი: ისევ სამი გეგმა, პროგრამა მინიმუმების ოფციის გარეშე.

გილოცავთ ახალ წელს! წარმატებულ 2015-ს გისურვებთ.

Chinese-2015-goat-year-vector-04

წინასიტყვაობის მაგიერ:

კლიშე N1: მხატვრულ ლიტერატურას აქვს მდარე ხარისხის ჟანრები. მაგალითად, დეტექტივი და ფენტეზი.

კლიშე N2: ფენტეზი საბავშვო ჟანრია.

კლიშე N3: თანამედროვე ქართულ მწერლობაში ღირებული აღარაფერ იქმნება.

* * *

თქვენც გიყვარდათ ბავშვობისას მითოლოგია? ალბათ, კი. და, ალბათ, ბერძნული და რომეული, შეიძლება ინდური და ირლანდიურიც, მაგრამ არა ქართული – ან საიდან გვეყვარებოდა, როცა ძალიან მწირი წარმოდგენა გვქონდა და დევების (ზღაპრებიდან), ქაჯების (ვეფხისტყაოსნიდან) და ოჩოპინტრეს (ფილმიდან) გარდა ალბათ ბევრი არავინ გაგვეგო. არადა როგორი მდიდარი სამყარო, დაულეველი საუნჯეა ქართული მითოლოგია, დაუშრეტელი წყარო თქმულებებისა და მათზე დაფუძნებული ზღაპრებისათვის.

მეც ცუდად ვიცნობდი მას. ცუდად ვიცნობდი, სანამ ნატო დავითაშვილის “ამბავი ლილე იროელისა*” არ ჩამივარდა ხელში. გადავშალე და სათითაოდ გავიცანი იახსარი და კოპალა, ბერი ბუქნაი ბაადური და პიქრუში, როკაპი და ჯამა, გავეცანი ხალიბური ფოლადის წრთობის საიდუმლოს, ვეწვიე ოდინდელ ფასისსა და დღემდე მოუღწეველ ციხე-ქალაქებს. თუმცა, მითოლოგიური გმირებისა თუ ისტორიული ადგილები გარდა აქ ბევრი ხარისხიანი ფიქციაა – გამოგონილი და მეტად ჩამთრევი, საინტერესო სიუჟეტური ხაზი. ქალმა ავტორმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ – ლილე იროელის ამბავი ეპიკური ნაწარმოებია, ბატალური საომარი სცენებით.

lile-iroeli

ამ წიგნს მისი ერთგვარი გაგრძელება – “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” მოჰყვა. შემდეგ იყო ლილეს წინაპართა ისტორია, აგებული ასევე ულამაზესი ქართული თქმულების ქარგაზე ცროლის მთის შესახებ. შემდე კიდევ ორი გაგრძელება დაიწერა: “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” და “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ლურჯის სუფრების ცვილითა და საღებავით მოხატვის უძველესი ქართლი ტრადიცია უდევს თურმე საფუძვლად. ტექნიკა დღეს დაკარგულია, მაგრამ იდეა ისე ლამაზად არის გადათამაშებული… ეს ნატოს ხელწერაა – ყოველ წიგნს რამდენიმე საინტერესო ინსპირაცია უძღვის წინ, მაგრამ ნატოს მიგნებებთან შეზავებული, ორიგინალური და თვითმყოფადი ფენტეზური მიგნებებით გაცოცხლებული და სულშთაბერილი.

იმდენად უცხო აღმოჩნდა ქართული მწერლობისათვის ფენტეზი… არა, ზოგადად ფენტეზი კი არა, არამედ ის, რაც ნატომ შექმნა; იმდენად შთამბეჭდავი და მასიურია ნარატივი, ავტორის არა მხოლოდ სქესში** შეცდნენ გამოცდილი მკითხველები, წიგნიც კი უცხოურიდან თარგმნილად აღიქვეს. და მართლაც, თავბრუდამხვევი სიუჟეტით, გმირების ხასიათების მრავალფეროვნებით თუ ორიგინალური ხედვით იროელთა ქრონიკები ტოლს არ უდებს ნებისმიერ უცხოელ “თანამოძმეს”.

რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ეს არის ქართული მითოსისა და ფოკლორისადმი განსაკუთრებული მოწიწებითი დამოკიდებულება, მის ღრმა ცოდნასთან ერთად. მითოლოგიური გმირების ხასიათებში ეჭვი არ გეპარება – ყოველი მათგანი ნამდვილია და ისეთია, როგორიც, ალბათ, ჩვენს წინაპრებს წარმოედგინათ. მათ გაცოცხლებას და სიუჟეტურ ქარგაში მონაწილეობას არ ახლავს სიყალბის იოტისოდენა შეგრძნება. თხრობის დამაჯერებელი სტილის და ერთგვარი სითამამის მიუხედავად ავტორმა კი არ გააფუჭა მითები, არამედ დინამიზმი, ფერები შესძინა მათ და ხელშესახები გახადა.

FOG-cover-2 (483x640)

თუ თქვენ გსურთ ახლოს გაეცნოთ ქართულ მითოლოგიას, “ამბავი ლილე იროელისა” და “ნისლებში და ნისლებს მიღმაზე” უკეთეს “სახელმძღვანელოს” ვერ იპოვნით;
თუ თქვენ გიყვართ ფენტეზი და ორჭოფობთ, როგორ ჟღერს იგი ქართული შესრულებით, აუცილებლად გაეცანით ნატოს შემოქმედებიდან ნებისმიერ წიგნს;
და თუ უბრალოდ არ იცნობთ ფენტეზის, თამამად შეგიძლიათ ნატოს ნებისმიერი წიგნით დაიწყოთ ეს ნაცნობობა, როგორც მე გავაკეთე 3 წლის წინ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით შეგიყვარდებათ ეს ჟანრი.

* * *

პოსტ სრიპტუმის მაგიერ:

გუშინ, 18 ოქტომბერს წიგნის სახლმა “სანტა ესპერანსა” ნატო დავითაშვილთან შეხვედრა მოგვიწყო. შეხვედრამ კამერულ სიტუაციაში ჩაიარა, გულთბილი საუბრების, მომავალი წიგნიდან ნაწყვეტების წაკითხვის და საინტერესო საკითხებზე უფრო საინტერესო პასუხების მიღების ფონზე. ამ პოსტით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხატო ნატოს და “სანტა ესპერანსას”.

IMG_20141018_195344388

ნატოს მომხიბვლელი ღიმილი🙂

———————————

* ლილე იროელი ბიჭია

** წიგნი პირველ ჯერზე ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით დაიბეჭდა

Molly Bloom's Day™

mollys mokhetiale tsignebi

მოხეტიალე წიგნები გავამზადე🙂 ბედნიერმა უნდა დავიძინო🙂

თინა ღვინიაშვილი 

გუშინწინ უგუნებოდ დავბრუნდი შინ.

აი, ხომ ხდება ხოლმე – წვრილმანი მოგიშლის ნერვებს. თან წვრილმანი გადარდებს, თან ის გაწუხებს, უმნიშვნელო რაღაცას რომ აფუჭებინებ ხასიათს.

მოკლედ, ვერ ვიყავი კარგად.

უწადინოდ ჩავათვალიერე ფეისბუქის ფრენდლენტა. განსაკუთებული არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ერთი ახალი გვერდის ბმული გამოეგზავნა მეგობარს.

სასხვათაშორისოდ გადავავლე თვალი. ჯერ გავოცდი, მერე უცებ მივხვდი, რომ ის საძაგელი განწყობა სადღაც ქრებოდა და გამეღიმა კიდეც; ბოლოს ცხვირიც დავაქსუტუნე რამდენჯერმე.

არა, აშკარად ჯადოსნური გვერდი იყო – “მოხეტიალე წიგნები“.

View original post 226 more words

Posted by: Author | January 28, 2014

CFA I level exam

Passed!

2014-chinese-horse-year-wallpaper (640x640)

ჩემო მეგობარო ბლოგერებო, ან ამ ბლოგზე შემთხვევით აღმოჩენილო მკითხველებო, 2014 წელს გილოცავთ! ნაყოფიერ, წარმატებულ, ჯანმრთლ, საინტერესო წელიწადს გისურვებთ. საკუთარ თავსაც ვუსურვებ, ბუნებრივია – მით უმეტეს, რომ სამი სერიოზული გეგმა მაქვს ამ წელიწადში ჩაფიქრებული. თითოეულ მათგანს სიამოვნებით მივუძღვნი თითო პოსტს, თუ ღმერთმა მათი ასრულება ინება.

თქვენი არ ვიცი და მე 2013-ს ნამდვილად არ ვემდური. პირველ რიგში ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება უნდა ვახსენო და მშობლებს მადლობა უნდა ვუთხრა, ცოლ-ქმრობის 33-ე წელს ჯვარი რომ იფსკვნეს🙂

უდაოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია სამსახურსა და ოჯახს შორის შეკოწიწებული თავისუფალი დროის ეფექტური გამოყენების შედეგად CFA-ს პირველი დონის გამოცდისათვის მომზადება. როცა 7 დეკემბრის გამოცდაზე გავდიოდი, მასალაც კარგად მქონდა ათვისებული, მისი 2/3 ამოკონსპექტებული, განმეორებული, წიგნში არსებული ტესტები ორჯერ გაკეთებული და ფორმულები დამახსოვრებული. როდის ვახერხებდი – ახლაც არ ვიცი, მაგრამ მოვახერხე და როგორიც არ უნდა იყოს გამოცდის შედეგები (პასუხებს 1 თვეში გავიგებ), საკუთარი მიზანდასახულობით მაინც კმაყოფილი ვიქნები🙂

კიდევ სახეწიგნის ანგარიში გავაუქმე (რასაც ასევე დადებით მოვლენებში ჩავწერდი), საყვარელ მეგობარს მეჯვარეობა გავუწიე ქორწილში, წლის ბოლოს პერსონალური პრემია ავიღე კარგი მუშაობისთვის და კიდევ რაღაც, რამაც 2014 წლის დიდი პერსპექტივა გადამიშალა წინ… მაგრამ ამას ვერ გაგიმხელთ – ჩემი საიდუმლო არ არის.

პრობლემებიც იყო – შვილის გართლებული ჩუტყვავილა, რომლის გამოც 3 დღით ინფექციურში ამოვყავით თავი მაისში; ისევ შვილის გაჭიანურებული სიცხეები და არეული ანალიზები ნოემბერ-დეკემბერში, რის გამოც კინაღამ 7-თვიანი თავაუღებელი მეცადინეობა წყალში ჩამეყარა და გამოცდაზე გასვლაზე უარი მათქმევინა (ესეც კინაღამ); მეგობრების და ნათესავების პრობლემები… მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო და ამ გადასახედიდან მხოლოდ მადლობა მეთქმის 2013 წლისათვის.

2013

2014 წლის ბოლოს თქვენს ბლოგებზეც წამეკითხოს სამადლობელი პოსტები!

საუკეთესო საახალწლო სურვილებით,
ტაბუ

თუ თქვენც ელოდით “შიმშილის თამშების” მეორე წიგნის ეკრანიზაციას, დღეს, ამერიკულ პრემიერამდე 1 დღით ადრე, უკვე შეგიძლიათ კინოთეატრებში უყუროთ მას. მე შვებულებით გამოთავისუფლებული დროის გამო იმ მცირერიცხოვან მაყურებელთა რიცხვში აღმოვჩნდი, ვინც დილით პირველივე კინოჩვენებას დაესწრო და ახლა თქვენთან სურს შთაბეჭდილებების გაზიარება.

ფილმმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და გაცილებით აჯობა წინამორბედს – რეჟისორის შეცვლამ გაამართლა, ფრენსის ლოურენსმა ხუთიანზე გაართვა თავი დავალებას. 2 სთ და 20 წთ-აინი ქრონომეტრაჟი შესანიშნავად იყო დაბალანსებული მძაფრი და ემოციური სცენებით, ზოგიერთ სცენაზე სიცილის ტალღამაც კი გადაგვიარა დარბაზს. სიუჟეტიც უფრო შეკრული და თანმიმდევრული იყო, ვიდრე პირველ ფილმში. ფაქტობრივად არ დაიკარგა არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი თუ სცენა. სპეცეფექტები ცალკე აღნიშვნის ღირსია – მასობრივი, შთამბეჭდავი, ეფექტური. კარგად იყოს შერჩეული მსახიობთა ტიპაჟები. კოსტუმები, მაკიაჟი, გრიმი და ასე განსაჯეთ მსახიობების თამაშიც კი უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე პირველ “შიმშილის თამაშებში”.

ჰოდა თუ თქვენც ჩემსავით “იბინძურებთ” გემოვნებას ჰოლივუდური პროდუქციით, სავარაუდოდ, ეს ფილმიც მოგეწონებათ. უდაოდ ხარისხიანი “ექშენია”.

ვინაიდან ფეისბუქზე არ ვარ, ამ შესანიშნავ ღონისძიებას ამ სახით გავაზიარებ.

პატარა ჟირაფი

ზუსტად ერთი წლის წინ ვეწვიეთ “ილიაუნის” მიერ ორგანიზებულ პირველ სამეცნიერო პიკნიკს საქართველოში.  ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო.

ღონისძიებაზე მოსულ ყველა ბავშვს ძალიან მოსწონდა სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება და გული დამწყდა იმაზე, რომ ასეთი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ექსპერიმენტების გაკეთების საშუალება ქართველ ბავშვებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ აქვთ.

რამდენად ღირებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად ქართველი ბავშვებისთვის სამეცნიერო მუზეუმიც რომ გაკეთებულიყო. აი როგორიცაა საბავშვო მუზეუმი Eureka ინგლისში, ან  ჩიკაგოს და ანტლანტის საბავშვო მუზეუმები. იმედი მაქვს ასეთი მნიშვნელოვანი რამის გაკეთებით მალე დაინტერესდებიან ჩვენს ქვეყანაშიც.

მანამდე კი…

“პატარა ჟირაფიც” შეუერთდა ილიაუნის ამ ძალიან ღირებულ წამოწყებას და წელს უკვე მარი და ნიკუშა  სამეცნიერო პიკნიკზე სტუმრად მისვლის ნაცვლად თვითონ იქნებიან  ამ ღონისძიების მონაწილეები, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა.

“პატარა ჟირაფმა” პიკნიკისთვის შეარჩია მთელი დედამიწისთვის მნიშვნელოვანი თემა – “გარემოს დაცვა” და შეეცდება ბავშვებთან ერთად პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: 1) რა არის მავნებელი გარემოსთვის და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობისთვის? 2) რატომ არის მავნებელი…

View original post 95 more words

ე.წ. 7-განზომილებიანი ფილმები ხომ იცით?! 7-განზომილებიანი წიგნის არსებობა აღმოვაჩინე ამ ნახევარი წლის წინ. 7 განზომილება თუ არა, 7 (ან მეტი) შრისგან მაინც შედგებოდა, კიდევ 704 გვერდი ძირითადი რომანისა და 156 გვერდი სქოლიოსგან. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღის – 16 ივნისის ერთ დიდ მოგზაურობას ეხება. ალბათ მიხვდით – ჯეიმს ჯოისის “ულისეს” ვგულისხმობ – ლიტერატორთა ქრესტომათიას, ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ მოვლენას და ბევრი მკითხველისათვის კი – დიდ თავისტკივილს.

Ulysses

“ულისე” ლათინიზირებული “ოდისევსია” – აი, ის ითაკელი ოდისევსი, სცილა და ქარიბდა რომ გამოიარა, ცირცეს (კირკეს) და კალიფსოს ხელიდან რომ დაუსხლტა, ციკლოპები რომ მოატყუა, საიქიოშიც რომ ჩახდა და თმამშვენიერი ნავზიკაეს დახმარებით ერთგულ პენელოპას და ვაჟ ტელემაქეს რომ დაუბრუნდა 20 წლის ხეტიალის შემდეგ. მაგრამ ამ “ულისეში” ვერცერთ ზემოხსენებულ გმირს ვერ შეხვდებით, – ჯოისის გმირები მხოლოდ სიმბოლურად იმეორებენ ჰომეროსის ტიპაჟებს. ვრცლად

Older Posts »

კატეგორიები