Posted by: Author | May 18, 2015

საჩვიდმეტმაისო პოსტი

ლგბტ თემის მიმართ საკუთარი ტოლერანტული დამოკიდებულების დაფიქსირების პასუხად რამდენჯერმე მიმიღია ‘კონტრარგუმენტად’ კითხვა: “შენი შვილი რომ გეი იყოს?”

კითხვის დამსმელის გასაოცრად ეს არგუმენტი არც ქვაა, არც რკინა და არც საკითხია ისეთი, რაზეც ერთი (ძალიან მალე ორი) ბიჭის დედას არ მიფიქრია. გუშინ იგივე კითხვა ჩემს მეუღლეს დაუსვეს, რაზეც უპასუხა: “გამიხარდება თუ არა? არა, არ გამიხარდება. მაგრამ ამის გამო არათუ არ ‘მოვკლავ’, – არც მოვიკვეთავ, ყველგან დავიცავ, სადაც შევძლებ, და ვინმე თუ მეტყვის, შენი შვილი ასეთიაო, თავს არ დავხრი! რადგან ჩემი შვილია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ის ვიღაც!”

მეც ამ ბლოგზე ვუპასუხებ ასეთი შეკითხვის ყველა პოტენციურ დამსმელს: “მინდა თუ არა, რომ ჩემი შვილი გეი იყოს? არა, არ მინდა. მაგრამ თუ მისი ჰომოსექუალური ორიენტაციის შესახებ შევიტყობ, მე მას გულში ჩავიკრავ და ვეტყვი, რომ ძალიან ვწუხვარ. ვწუხვარ იმ სიძნელეების და ბრძოლების გამო, რომლის გადატანაც მოუხდა. ვწუხვარ იმ შევიწროების და დისკრიმინაციის გამო, რომელიც წინ ელოდება. და რომ ყველა ამ ბრძოლაში გვერდით ამოვუდგები. და ყოველთვის ვიამაყებ მისი დადებით პიროვნული თვისებების გამო.”

მე ორი ბისექსუალი მეგობარი მყავს (შეიძლება მეტიც, მაგრამ მხოლოდ ორის შესახებ ვიცი). მათ მინდა მივულოცო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე! მივულოცო ყველა ის წარმატება, რასაც საერთაშორისო ლგბტ თემმა ბოლო ასწლეულის განმავლობაში მიაღწია. და იმედი გამოვთქვა, რომ ყოველ მომდევნო 17 მაისს მეტი ტოლერანტული ადამიანი ეყოლებათ გარშემო.


კატეგორიები

%d bloggers like this: