Posted by: Author | October 19, 2014

ქართული მითოლოგიის ახალი სიცოცხლე

წინასიტყვაობის მაგიერ:

კლიშე N1: მხატვრულ ლიტერატურას აქვს მდარე ხარისხის ჟანრები. მაგალითად, დეტექტივი და ფენტეზი.

კლიშე N2: ფენტეზი საბავშვო ჟანრია.

კლიშე N3: თანამედროვე ქართულ მწერლობაში ღირებული აღარაფერ იქმნება.

* * *

თქვენც გიყვარდათ ბავშვობისას მითოლოგია? ალბათ, კი. და, ალბათ, ბერძნული და რომეული, შეიძლება ინდური და ირლანდიურიც, მაგრამ არა ქართული – ან საიდან გვეყვარებოდა, როცა ძალიან მწირი წარმოდგენა გვქონდა და დევების (ზღაპრებიდან), ქაჯების (ვეფხისტყაოსნიდან) და ოჩოპინტრეს (ფილმიდან) გარდა ალბათ ბევრი არავინ გაგვეგო. არადა როგორი მდიდარი სამყარო, დაულეველი საუნჯეა ქართული მითოლოგია, დაუშრეტელი წყარო თქმულებებისა და მათზე დაფუძნებული ზღაპრებისათვის.

მეც ცუდად ვიცნობდი მას. ცუდად ვიცნობდი, სანამ ნატო დავითაშვილის “ამბავი ლილე იროელისა*” არ ჩამივარდა ხელში. გადავშალე და სათითაოდ გავიცანი იახსარი და კოპალა, ბერი ბუქნაი ბაადური და პიქრუში, როკაპი და ჯამა, გავეცანი ხალიბური ფოლადის წრთობის საიდუმლოს, ვეწვიე ოდინდელ ფასისსა და დღემდე მოუღწეველ ციხე-ქალაქებს. თუმცა, მითოლოგიური გმირებისა თუ ისტორიული ადგილები გარდა აქ ბევრი ხარისხიანი ფიქციაა – გამოგონილი და მეტად ჩამთრევი, საინტერესო სიუჟეტური ხაზი. ქალმა ავტორმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ – ლილე იროელის ამბავი ეპიკური ნაწარმოებია, ბატალური საომარი სცენებით.

lile-iroeli

ამ წიგნს მისი ერთგვარი გაგრძელება – “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” მოჰყვა. შემდეგ იყო ლილეს წინაპართა ისტორია, აგებული ასევე ულამაზესი ქართული თქმულების ქარგაზე ცროლის მთის შესახებ. შემდე კიდევ ორი გაგრძელება დაიწერა: “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” და “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ლურჯის სუფრების ცვილითა და საღებავით მოხატვის უძველესი ქართლი ტრადიცია უდევს თურმე საფუძვლად. ტექნიკა დღეს დაკარგულია, მაგრამ იდეა ისე ლამაზად არის გადათამაშებული… ეს ნატოს ხელწერაა – ყოველ წიგნს რამდენიმე საინტერესო ინსპირაცია უძღვის წინ, მაგრამ ნატოს მიგნებებთან შეზავებული, ორიგინალური და თვითმყოფადი ფენტეზური მიგნებებით გაცოცხლებული და სულშთაბერილი.

იმდენად უცხო აღმოჩნდა ქართული მწერლობისათვის ფენტეზი… არა, ზოგადად ფენტეზი კი არა, არამედ ის, რაც ნატომ შექმნა; იმდენად შთამბეჭდავი და მასიურია ნარატივი, ავტორის არა მხოლოდ სქესში** შეცდნენ გამოცდილი მკითხველები, წიგნიც კი უცხოურიდან თარგმნილად აღიქვეს. და მართლაც, თავბრუდამხვევი სიუჟეტით, გმირების ხასიათების მრავალფეროვნებით თუ ორიგინალური ხედვით იროელთა ქრონიკები ტოლს არ უდებს ნებისმიერ უცხოელ “თანამოძმეს”.

რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ეს არის ქართული მითოსისა და ფოკლორისადმი განსაკუთრებული მოწიწებითი დამოკიდებულება, მის ღრმა ცოდნასთან ერთად. მითოლოგიური გმირების ხასიათებში ეჭვი არ გეპარება – ყოველი მათგანი ნამდვილია და ისეთია, როგორიც, ალბათ, ჩვენს წინაპრებს წარმოედგინათ. მათ გაცოცხლებას და სიუჟეტურ ქარგაში მონაწილეობას არ ახლავს სიყალბის იოტისოდენა შეგრძნება. თხრობის დამაჯერებელი სტილის და ერთგვარი სითამამის მიუხედავად ავტორმა კი არ გააფუჭა მითები, არამედ დინამიზმი, ფერები შესძინა მათ და ხელშესახები გახადა.

FOG-cover-2 (483x640)

თუ თქვენ გსურთ ახლოს გაეცნოთ ქართულ მითოლოგიას, “ამბავი ლილე იროელისა” და “ნისლებში და ნისლებს მიღმაზე” უკეთეს “სახელმძღვანელოს” ვერ იპოვნით;
თუ თქვენ გიყვართ ფენტეზი და ორჭოფობთ, როგორ ჟღერს იგი ქართული შესრულებით, აუცილებლად გაეცანით ნატოს შემოქმედებიდან ნებისმიერ წიგნს;
და თუ უბრალოდ არ იცნობთ ფენტეზის, თამამად შეგიძლიათ ნატოს ნებისმიერი წიგნით დაიწყოთ ეს ნაცნობობა, როგორც მე გავაკეთე 3 წლის წინ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით შეგიყვარდებათ ეს ჟანრი.

* * *

პოსტ სრიპტუმის მაგიერ:

გუშინ, 18 ოქტომბერს წიგნის სახლმა “სანტა ესპერანსა” ნატო დავითაშვილთან შეხვედრა მოგვიწყო. შეხვედრამ კამერულ სიტუაციაში ჩაიარა, გულთბილი საუბრების, მომავალი წიგნიდან ნაწყვეტების წაკითხვის და საინტერესო საკითხებზე უფრო საინტერესო პასუხების მიღების ფონზე. ამ პოსტით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხატო ნატოს და “სანტა ესპერანსას”.

IMG_20141018_195344388

ნატოს მომხიბვლელი ღიმილი🙂

———————————

* ლილე იროელი ბიჭია

** წიგნი პირველ ჯერზე ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით დაიბეჭდა


Responses

  1. უკვე მერამდენედ ვამბობ: რა გადასარევია, რომ ნატო ჩვენი თანამედროვეა და ვიცნობთ(ან შეგვიძლია ვიცნობდეთ), რომ კიდევ ბევრის დაწერა შეუძლია.

    პოსტი❤🙂

    • კარგადაა ნათქვამი, სოფო🙂
      მეც ბედნიერი ვარ, რომ ფენტეზი ჩენს თვალწინ დაიბადა და კარგია, რომ კიდევ ბევრ შესანიშნავ წიგნს მოვესწრებით❤
      პ.ს. მადლობა, პოსტი რომ მოგწონს🙂

  2. მოუთმენლად ველოდები “აიას გზას”❤

    • მეც🙂
      თან, “აიას გზის” სიუჟეტი ისევ საქართველოში, ქართული მითოლოგიური გმირების გარემოცვაში ვითარდება❤

  3. ამ წიგნებიდან ერთ-ორი ტომი ჩემ თვალწინ დამზადდა, ასე რომ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და მიხაროდა ქართული მითოლოგიის ამგვარად წარმოჩენა. თანაც მხატვრული სიტყვისა და ხერხების და ინფორმაციის ასეთი ორგანული შერწყმა. საბავშვო ჟანრი არ არის, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილები ისეთი გულმოდგინებით კითხულობენ🙂 გმადლობ, სასიამოვნო პოსტისთვის🙂

    • თამო, მადლობა ბლოგზე სტუმრობისათვის🙂
      ქართული მითოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ცალკე ეკუთვნის მადლობა ნატოს.

      • მგონი, ამ შემთხვევაში, ეს უფრო მნიშვნელოვანიც კი არის🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: