Posted by: Author | June 16, 2013

7D ფორმატის წიგნი – ანუ 16 ივნისის ოდისეა

ე.წ. 7-განზომილებიანი ფილმები ხომ იცით?! 7-განზომილებიანი წიგნის არსებობა აღმოვაჩინე ამ ნახევარი წლის წინ. 7 განზომილება თუ არა, 7 (ან მეტი) შრისგან მაინც შედგებოდა, კიდევ 704 გვერდი ძირითადი რომანისა და 156 გვერდი სქოლიოსგან. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღის – 16 ივნისის ერთ დიდ მოგზაურობას ეხება. ალბათ მიხვდით – ჯეიმს ჯოისის “ულისეს” ვგულისხმობ – ლიტერატორთა ქრესტომათიას, ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ მოვლენას და ბევრი მკითხველისათვის კი – დიდ თავისტკივილს.

Ulysses

“ულისე” ლათინიზირებული “ოდისევსია” – აი, ის ითაკელი ოდისევსი, სცილა და ქარიბდა რომ გამოიარა, ცირცეს (კირკეს) და კალიფსოს ხელიდან რომ დაუსხლტა, ციკლოპები რომ მოატყუა, საიქიოშიც რომ ჩახდა და თმამშვენიერი ნავზიკაეს დახმარებით ერთგულ პენელოპას და ვაჟ ტელემაქეს რომ დაუბრუნდა 20 წლის ხეტიალის შემდეგ. მაგრამ ამ “ულისეში” ვერცერთ ზემოხსენებულ გმირს ვერ შეხვდებით, – ჯოისის გმირები მხოლოდ სიმბოლურად იმეორებენ ჰომეროსის ტიპაჟებს.

და მოგვითხრობს ჯოისი 16 ივნისს დილით სახლიდან გამოსულ სტივენ დედალოსსა (ტელემაქე) და ლეოპოლდ ბლუმზე (ოდისევსი), სახლში დარჩენილ მის “ერთგულ” მეუღლე მერიონ მოლი ბლუმზე (პენელოპა); მოგვითხრობს ცნობიერების ნაკადის ტექნიკის გამოყენებით  და მოითხოვს ჩვენგან, ასე გავუგოთ მის გმირებს. დიახ, ეს სქელტანიანი წიგნი მხოლოდ ერთი დღის – 16 ივნისის თავგადასავალს აღწერს. თემას შევეხე და1954 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 16 ივნისს ამ საკულტო რომანის მოყვარულები დუბლინში Bloomsday-ს აღნიშნავენ: დიდ მსვლელობას აწყობენ, გადიან რა ლეოპოლდ ბლუმის გზას და ხმამაღლა კითხულობენ ამონარიდებს წიგნიდან.

Bloomsday course

დავუბრუნდეთ პოსტის სათაურს – რატომ 7 (და მეტი) განზომილება? იმიტომ რომ, წიგნის თითოეული თავი რამდენიმე პრიზმაშია განსახილველი. პირველი, ძირითადი სიუჟეტური ხაზია, მესამე პირის (როგორც წესი, ავტორის) მიერ მოყოლილი; მეორე, თხრობის შესაბამის ეტაპზე მთავარი გმირის ცნობიერებაა, რომლის სიღრმეც ამ გმირის ინტელექტის დონითაა განპირობებული; მესამე “ოდისევსის” თავებია, რომელთანაც ძირითადად “ილინქება” წიგნის ეპიზოდები და რაც “ულისეს” მთავარ სიმბოლურ ფაბულას ქმნის; მეოთხე შრე ეპიზოდის “ხელოვნებაა” – თეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბოტანიკა, რელიგია, რიტორიკა, არქიტექტურა, ლიტერატურა, მექანიკა, მუსიკა; მეხუთე განზომილება მოქმედების დროა – ეპიზოდები მკაცრად არის დაყოფილი თითოსაათიან ინტერვალებად და ჯამში 18 ეპიზოდი “დიდი მოგზაურობის” თვრამეტ საათს მოგვითხრობს; მეექვსე – ძირითადი ლიტერატურული და ბიბლიური ალუზიებია, რომლითაც, ფრიად ერუდირებულმა ავტორმა, ასე უხვად გააჯერა რომანი. მისი ალუზიები და რემინისცენციები იმდენად მრავლობითი და მრავლისმომცველია, გამოცდილ მკითხველსაც რომ თავბრუს დაახვევს; მეშვიდე ასპექტი  თხრობის ტექნიკაა: თვრამეტივე ეპიზოდი განსხვავებული ლიტერატურული ტექნიკითაა დაწერილი, თანაც თვრამეტივე მეტად სკურპულოზურად, პროფესიონალურად და ტექნიკის დიდი ცოდნით; კიდევ ერთ განზომილებას გამოვყოფდი – მთავარი გმირი, რომელიც ეპიზოდიდან ეპიზოდამდე იცვლება.

ცოტა რამ წიგნის წაკითხვის სირთულეებზეც უნდა ვთქვა – “ულისე” ხომ ყველაზე ხშირად სახელდება არაბოლომდეწაკითხვად წიგნად. მთავარი სირთულე, ალბათ, “ენაა”. ენის “სიმძიმე” ყველაზე მეტად პირველ სამ ეპიზოდში შეიმჩნევა, როცა მთავარ გმირად სტივენ დედალოსი გვევლინება – ამ გმირის დიდი ინტელექტი განაპირობებს მისი ცნობიერების ნაკადის დატვირთულობას და ძნელად აღსაქმელობას. პირველი სამი ეპიზოდის გადალახვა აუცილებლად გაგიადვილებთ კითხვის პროცესს. კითხვისას მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ ეპიზოდების ცვლილებასთან ერთად თხრობის ტექნიკის ცვლაც (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე). ზოგიერთ ეპიზოდს (მაგ. მეათე – “მოხეტიალე კლდეები”, მეთერთმეტე – “სირინოზები”, მეთხუთმეტე – “ცირცე”) რთულს და კომპლექსურს უწოდებ, მაგრამ მოსაწყენს – არასგზით. ჯამში ამ “18 საათიანი” ისტორიის წასაკითხად, 38 საათი მაინც დაგჭირდებათ (სქოლიოების გამოკლებით).

ulysses-_james_joyce1250480895

ჰოდა თუ გადაწყვეტთ რომ ამ წიგნს შეეჭიდოთ, სასურველია ჯერ წაიკითხოთ/გადაიკითხოთ ჰომეროსის “ოდისეა”, შემდეგ მოიმარჯვოთ ორი სანიშნე – ძირითადი ტექსტისა და  სქოლიოებისათვის, წაახალისოთ საკუთარი ნებისყოფა და ასე შეუდგეთ კითხვას. მე კითხვის პროცესში რომ “გავიჭედე”, ერთი კარგი ბლოგერის კომენტარს გადავაწყდი, რომელიც წიგნის გასაღებად გამომადგა: “აი, როგორც მუსიკაა – ან ნახატია – ნოტებად ხომ არ უნდა დაშალო ან სპექტრალური ანალიზი ხომ არ უნდა ჩატარო – რომ უსმენ ან უყურებ უნდა გარკვეულ განწყობაზე დადგე და თუ შენი განწყობა ავტორის განწყობასთან ჰარმონიაშია – მაშინ მიყვები ავტორს, თუ არადა, არ დაგევასება”. ამ კომენტარით წახალისებული თითქოს მართლაც ერთ ტალღაზე შევჯექი მთხრობელთან და სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე. სცადეთ, თქვენც შეიგრძნოთ თხრობის ენის მუსიკალურობა და ჰარმონიაში მოხვიდეთ მასთან.

და ბოლოს, რისი თქმა სურს ავტორს? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ კიდევ ცალკე პოსტად… არა, უფრო პოსტების ციკლად უნდა დაიწეროს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯოისს სურდა ეჩვენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა დროით მასშტაბს – 1 დღის თავგადასავალიც შეიძლება გაკვეთილად გვექცეს. ჩვენ ყველას ჩვენი ოდისეა, ჩენი თავგადასავალი გვაქვს, საკუთარი შეცდომებით, განსაცდელებით, პატარ-პატარა სიამოვნებებით და შეცოდებებით. ჩვენ ვაშავებთ, ვაფუჭებთ, ვეხმარებით, ვგრძნობთ, გვტკივა, მიგვეჩქარება სადღაც. შევძლებთ თუ ვერა ეს თავგადასავალი გაკვეთილად ვაქციოთ? შევცვლით ცხოვრებას თუ გავტკეპნით ერთ ადგილს? შევიცვლებით თუ შევეგუებით არსებულს? ესაა მთავარი კითხვები და ამ კითხვის არსებობა უნდა დავინახოთ. უნდა შევძლოთ, დავსვათ კითხვის ნიშნები იქ, სადაც ცხოვრების არსებული წესი სტანდარტულ პასუხებს გვთავაზობს.

———-

ეს პოსტი ეძღვნება ქართული ბლოგოსფეროს ბრწყინვალე წარმოამდგენელს და ჩემს ფავორტ ბლოგერს – მოლი ბლუმს. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს, მოლი🙂


Responses

  1. ძალიან ჭკვიანური რამ უთქვამს იმ კარგ ბლოგერს. ნამდვილად ასეა.

    პოსტი მშვენიერია❤ უღრმესი მადლობა, ტაბუ.

    • მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მოლი🙂

  2. ეგ ჩემს თავზე ადრეც წავიკითხე აქ აშკარად თან სხვა პოსტში :)))

    • განმეორება ცოდნის დედააო, რა შუაშია აქ, მაგრამ მაინც🙂

  3. მე მაინც დუბლინელები უფრო მიყვარს.🙂
    და მხატვრის პორტრეტი კიდევ სულ არ მომეწონა.
    ეს ისე, თემის ირგვლივ.

    • ჯოისს არამშობლიურ ენაზე ვერ წავიკითხავ😦 ქართულად კი მხოლოდ “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” მაქვს (ჯერ წასაკითხი და თაროზე შემოდებული). თარგმნილია ქართლად “დუბლინელები”, თუ იცი?

      • არის ცხადია🙂

      • შესანიშნავი! მოვიძიებ მოგვიანებით მაშინ🙂
        მადლობა.

      • მოთხრობების კრებულია. 1970 წლის გამოცემა მაქვს მე. ყიასაშვილის კომენტარები აქვს და სხვადასხვა მთარგმნელებია.
        არ ვიცი კიდევ თუ გამოიცა ხელახლა. თუ ვერ მიაგენი გათხოვებ თუ გინდა.
        მაგრამ ძალიან განსხვავებულია ულისესგან. იმის ფონზე ძაან მარტივია და შეიძლება გაგაწბილოს🙂

      • როგორ არ მინდა, ლევან🙂 უღრმესი მადლობა შემოთავაზებისთვის. დეკემბერში გამოგართმევ, თუ არ გადაიფიქრებ მანამდე🙂
        სიმარტივე ნამდვილად არ გამაწბილებს.

  4. ღრმადსაინტერსო პოსტი იყო )))

    • მე ამ თემაზე შენი პოსტის სიღრმემ მომხიბლა🙂

      • იმ მხარეებზე , რაზეც შენ გაამახვილე ყურადღება, მე სიტყვაც არ დამიძრავს…🙂

      • ეს პოსტი უფრო გზამკვლევად ჩავიფიქრე [ჩემსავით] გზააბნეულ მკითხველთათვის. არ აქვს სიღრმე, ასე მგონია.

  5. ნეტა ოდესმე სწორად თუ თარგმნიან ამ ბერძნულ სახელებს😦 ;დდ :ახალგამომცხვარი კლასიკოსი:

    ულისე ჯერაც არ წამიკითხავს. ოღონდ ახლა აღარ მეშინია წაკითხვის ^_^
    შენ რომ შეგფერის ისეთი პოსტია :3

    • დიდი მადლობა, სოფი🙂
      სტუმრობისთვის, კომეტარისთვის, რაღცნაირი დადებით აურისთის, თან რომ მოგაქვს ხოლმე🙂

      • მადლობა შენ, პოსტებისთვის🙂

        (თარგმანიც (აზიმოვის) გადავწერ–გადავაფორმატე ქინდლში და მოვბრუნდები რომ წავიკითხავ)

      • მიხარია ^_^

  6. ტაბუ , ძალიან საინტერესოდ წერ , პოსტი მომეწონა .
    მე სხვადასხვა დროს , ორჯერ შევწყვიტე ‘ ‘ულისეს ” კითხვა და ჯერ კიდევ ვერ ვბედავ ამ წიგნის ხელში აღებას : )))

    • დიდი მადლობა, პატ🙂 სასიამოვნო ჩემს ბლოგზე თქვენ ხილვა.
      ყველა წიგნს შესაბამისი განწყობა უნდა. საჭირო დროს იციან ხოლმე წიგნებმა მოსვლა, ასე მგონია😉

  7. მართალი ხარ , ტაბუ🙂 მისტიკა , რომელიც წიგნებს ახლავს თან , ბევრჯერ გამომიცდია საკუთარ თავზე . საჭირო დროს საჭირო წიგნი თავისით მივარდება ხოლმე თაროდან ხელებში . და ისიც ვიცი , რომ ასეთი განცდა ბევრ მკითხველს აქვს )


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: