Posted by: Author | May 27, 2013

მცირე სახლმძღვანელო ბიბლიოფილებისთვის: როგორ გამოვჩნდეთ მაგარი ტიპები

bad books

წესი 1: დავცინოთ სხვა ბიბლიოფილების ბიბლიოგემოვნებას, რადგან ჩვენ უფრო მაგარ წიგნებს ვკითხულობთ. ჩვენ “ულისე” წაგვიკითხავს (ნუ, თუ არ წაგვიკითხავს, არც ესაა პრობლემა – ვიკიპედიაში გადავიკითხოთ სტატია და წიგნიც ერთხელ გადავშალოთ – რამდენი გვერდისგან შედგება და რამხელა სქოლიო ახლავს, რომ ვიცოდეთ) – ხოდა ეს უფლებას გვაძლევს, სხვა ბიბლიოფილებს (ისე, ეს სახელიც ზედმეტია მათთვის – მათ ხომ “ულისე” არ წაუკითხავთ) ზემოდან ვუყუროთ.

წესი 2: აგდებულად ვესაუბროთ წიგნების მაღაზიებს. აი, თუნდაც „წიგნები ბათუმში“-ს მესვეურებს პირდაპირ ვუთხრათ, რომ დახლზე მხოლოდ ხარა-ხურა ექნებათ (მერე, რა, რომ იქ არ ვყოფილვართ და არ გვინახავს. ხომ ისედაც ვიცით, რომ ასეა!). თუ სათანადოდ გვიპასუხეს, საუბარი სხვა თემაზე გადავუტანოთ და აგდებული ტონი არ შევარბილოთ.

წესი 3: აბუჩად ავიგდოთ ქართული თარგმანები – ჩვენ ყველა წიგნს მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობთ. იქვე აბუჩად ავიგდოთ ყველა მკითხველი, რომელიც ქართულ თარგმანს კითხულობს, რადგან ქართული თარგმანი აპრიორი არ ვარგა; ხოლო ქართულ თარგმანს კითხულობს მხოლოდ ის, ვინც უცხო ენას არ ფლობს, ანუ ჩვენ მათზე მაგარი ტიპები ვართ.

წესი 4: უარვყოთ ყველა პოპულარული მწერალი, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველ წესს: თუ იგივე წიგნები ვიკითხეთ, რასაც ყველა კითხულობს, მათ გემოვნებაზე მაღლა როგორღა დავდგებით?! აპრიორი უნდა გამოვრიცხოთ, რომ კარგ მწერალს შეიძლება ბევრი მკითხველი ჰყავდეს და დავუშვათ მხოლოდ ის, რომ „მასა“ კითხულობს დაბალი დონის წიგნებს. ამ მხრივ ერთ ქვაბში ჩავუშვათ კოელიო, დოჩანაშვილი, მარკესი, ლარსონი, შმიტი, ჭილაძე, როულინგი, კოლინზი და დიუმაც კი. გამონაკლისია დოსტოევსკი, რომელსაც მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობთ.

რულინგზე გამახსენდა წესი 5: ფენტეზი ჩვენს გემოვნებაზე დაბლა დგას. მით უმეტეს, წარმოუდგენელია ხარისხიანი ქართული ფენტეზის და ფანტასტიკის არსებობა. თუ ვინმე გვეუბნება, რომ სამამულო ფენტეზის ბაზარზე არსებობენ ხარისხიანი მწერლები, ვპასუხობთ, რომ ეს შეუძლებელია. მერე რა, რომ გვარებიც არ გაგვიგია და იროელთა ქრონიკების გადაშლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – შეუძლებელია, ქართულმა ფენტეზიმ ივარგოს და აქ წერტილი. ლოგიკა: ჯერ უცხოური ფენტეზი რა არის და მერე ქართული…

წესი 6: მივდივართ მხოლოდ გაკვალული გზით და ვაღიარებთ მხოლოდ აღიარებულ მწერლებს (წაუგებელი პარტია ვითამაშოთ). ახალ მწერლებს არ ვკითხულობთ, რადგან ყველაფერი, რაც დასაწერი იყო, უკვე დაიწერა და ახალს კარგს ვეღარაფერს დაწერენ (იგივე შეგვიძლია ვთქვათ რეჟისორებზეც: ბერგმანის, კუროსავას, ფელინის და ტარკოვსკის შემდეგ გადასაღები აღარაფერი დარჩა, ამიტომ არ ვაღიაროთ სპილბერგი, ზემეკისი, ლარს ფონ ტრიერი, ალმადოვარი, არონოვსკი, კუსტურიცა). ბუნებრივია, იგივე წესი ვრცელდება თანამედროვე ქართველ მწერლებზეც და აკა მორჩილაძის, ტურაშვილის, ბურჭულაძის, გელაშვილის, ბექაურის ხსენებაზე მხოლოდ ქედმაღლურად ვიღიმით.

პ.ს. პოსტის შთაგონების წყაროა ფორუმ.ჯი (წიგნის ფესტივალი 2013 და სხვა თემები), ასევე სხვა ყოფითი მაგალითები.

პ.პ.ს. ჩემი განსაკუთრებული მადლობა მოლის და ლევანს, რომელთა ბიბლიორეკომენდაციებმა ბევრი ლიტერატურულ შედევრს მაზიარა, ხოლო წიგნებისადმი მათმა (ზემოთჩამოთვლილი წესებიდან დიამეტრალურად განსხვავებულმა) დამოკიდებულებამ ჩემი დამოკიდებულებაც შეცვალა🙂


Responses

  1. ეს იმბეცილი “ბიბლიოფილები” საიდან გამოხტნენ, ხომ არ იცი, ტაბუ?

    რას ჰქვია, ქართული თარგმანის დაცინვა? ჩვენ ქართულს არაფერს ვკითხულობთო, რომელმა ე.წ. მკითხველმა თქვა? თარგმანებს განსაკუთრებული ყურადღება რომ სჭირდება და პირდაპირ დაკავშირებულია სამამულო ლიტერატურის განვითარებასთან, ამაზე არაფერი გაუგიათ?

    საიენს ფიქშენის და ფენტეზის აუგად მოხსენიება (ისევე, როგორც ნებისმიერი ჟანრის) მხოლოდ დაბალ ინტელექტზე მეტყველებს. შესაძლოა, მწერალი არ მოგწონდეს, შესაძლოა, ჟანრი არ იყოს შენი, ამაში გასაკვირი არაფერია, ყველას აქვს ამის უფლება, მაგრამ ჟანრი აგდებულად მოისხენიო – ეს ჟანრს კი არა, შენ გახასიათებს.

    ბათუმელების სტენდზე რა იდოო? ვაი, თქვენს პატრონს, უბედურსო, ვერ უთხარით? ასეთი მრავალფეროვანი რუსულენოვანი კოლექცია სხვაგან არც იყო, მგონი. დეტექტივებიც ჰქონდათ, საბავშვო საკითხავიც, კლასიკაც, ფანტასტიკაც, საავტორო პროზაც, ბესტსელერებიც, მსუბუქი ლიტერატურაც, შემეცნებითი ალბომებიც და სპეციალიზებული გამოცემებიც. თითქმის ყველა მიმართულება და ყველანაირი ფასი.

    მაგნუმში მიმაქვს ეს პოსტი.

    • არადა არიან ასეთი მკითხველებიც, თან თავი მართლა სხვებზე მააგარი ტიპები რომ ჰგონიათ. ალაბათ შენც არა ერთი და ორი შეგხვედრია ასეთი… შეიძლება, შენთან მორიდებიათ ასეთი სიბრძნის ფრქვევა🙂
      “ბათუმელების სტენდზე რა იდოო? ვაი, თქვენს პატრონს, უბედურსო, ვერ უთხარით?” – ეგ სიტყვა-სიტყვით დავაკოპირე ფორუმიდან… ყოფილიყო მაინც ამ სიტყვების ავტორი წიგნის ფესტივალზე!

      • კი, როგორ არ შემხვედრია. ზოგს ბლოგიც კი აქვს და, მისი ჭკუით, წიგნებზე წერს.

        მეცოდება ასეთი ხალხი.

      • შენ არ გაბრაზდე, მოლი🙂 ასეთი დამოკიდებულება შეიძლება მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევდეს – ნერვს კი არ უნდა გვიტოკებდეს, ასე მგონია🙂
        პ.პ.ს.-ში მინაწერი მადლობა კი ძალიან გულწრფელია და უფრო ადრეც უნდა მეთქვა.

      • შეიძლება ქართულ თარგმანს რუსული გერჩივნოს – მესმის, ბატონო. შეიძლება, ფენტეზი საშენოდ ვერ იგულვო. მაგრამ აგდებული დამოკიდებულება, მე უკეთესი ტიპი ვარ და არ წავიკითავ, რადგან მას-ფროდაქშენია, მხოლოდ პოზაა და არა პოზიცია.

  2. ეგ ჩვენი დიდი სენია. :დ

    @წესი 2: აგდებულად ვესაუბროთ წიგნების მაღაზიებს. აი, თუნდაც „წიგნები ბათუმში“-ს მესვეურებს პირდაპირ ვუთხრათ, რომ დახლზე მხოლოდ ხარა-ხურა ექნებათ (მერე, რა, რომ იქ არ ვყოფილვართ და არ გვინახავს. ხომ ისედაც ვიცით, რომ ასეა!). თუ სათანადოდ გვიპასუხეს, საუბარი სხვა თემაზე გადავუტანოთ და აგდებული ტონი არ შევარბილოთ.

    ამაზე მე და ირაკლიც გავცოფდით როცა ფორუმ.გე-ზე წავიკითხეთ.🙂 ერთი “მეტად ცნობილი” წიგნის მოყვარულის დაწერილი.🙂

    @5: ფენტეზი ჩვენს გემოვნებაზე დაბლა დგას. მით უმეტეს, წარმოუდგენელია ხარისხიანი ქართული ფენტეზის და ფანტასტიკის არსებობა. თუ ვინმე გვეუბნება, რომ სამამულო ფენტეზის ბაზარზე არსებობენ ხარისხიანი მწერლები, ვპასუხობთ, რომ ეს შეუძლებელია. მერე რა, რომ გვარებიც არ გაგვიგია და იროელთა ქრონიკების გადაშლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – შეუძლებელია, ქართულმა ფენტეზმა ივარგოს და აქ წერტილი. ლოგიკა: ჯერ უცხოური ფენტეზი რა არის და მერე ქართული…

    ეს საერთოდ ცალკე მოვლენაა. სამი წლის წინ ამაზე რსრ -ის დიდ ნაწილთან მქონდა დავა, რომლებიც თვლიდნენ რომ ზემოთხსენებული ჟანრები მდარეა. და ნებისმიერ კითხვას რომელიც რომელიმე განვმეორდები და ზემოთხსენებული ჟანრის ნაწარმოებიდან იყო დაწერილი ერთსულოვნად ხვდებოდნენ რეაქციით “ფუუუ, მაგას რა გაკითხებთ, და რატომ გვაცდენთ ამაზე”.

    • მე მაპატიეთ ბრჭყალები ერთ ადგილას არასწორად დავსვი.

      მეტად ცნობილი “წიგნების მოყვარული” უნდა ყოფილიყო, ახლა გავაცნობიერე.🙂

    • @წესი 2 – კი, მაგ : “მეტად ცნობილი” “წიგნის მოყვარულის” კომენტარი იქცა ამ პოსტის მუზად🙂 ორივეგან იყოს ბრჭყალები, რა პრობლემაა🙂
      @5 მართლაც მთელი მოვლენაა. თუმცა წლევანდელი სატელევიზიო რსრ-ის ახალგაზრდა მონაწილეებს უკვე მასობრივად ეწერათ ესა თუ ის ფენტეზის მწერალი საყვარელ მწერლების ჩამონათვალში. განსაკუტრებით, ნატო დავითაშვილის სახელისა და გვარის დანახვამ გამახარა🙂

  3. ჩემი სტუდენტობის ჟამს, მიზერული სტიპენდია რომ მქონდა და წიგნებიც ასე უხვად არ მოიპოვებოდა, კლუბის და კლუბელების წყალობით ვაბულბულებდი ფანტასტიკას. ამბერის ქრონიკებიც მანდ გავიგე, სტრუგაცკებიც, “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ტომებიც მოჰქონდათ, საიმაკიც ბევრჯერ მითხოვია, შეკლიც და ბრედბერიც. და უამრავი სხვა ავტორი კიდევ. ტოლკინისტების მთელი კლანი არსებობდა მანდ, და, მგონი, ტოლკინის კითხვა ლამის პირველად კლუბში დაიწყეს.

    რაღაცები შეცვლილა რსრ-ში😦

  4. ეს ბოლო აბზაცი ნამეტანი გადაჭარბებული იყო ჩემთან მიმართებაში🙂

    • არ იყო, არა🙂 მეტის დაწერაც შეიძლებოდა🙂

      • დაწერა ყველაფრის შეიძლება🙂

      • თვითცენზურის არარსებობის პირობებში – კი. მე კი მხოლოდ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ🙂

  5. კიდევ კარგი ასეთ “ბიბლიოფილებს” არ ვიცნობ და არც ფორუმს ვსტუმრობ🙂 შეიძლება ვინმეს ნამდვილად ჰქონდეს წაკითხულ-გააზრებული “ულისე”, არ მოსწონდეს ნატო დავითაშვილის წიგნები ან ზოგადად ჟანრი, დათო ტურაშვილის წიგნები ან ლია ჩლაიძის ნათარგმნი ფამუქი, “წიგნები ბათუმში”… მაგრამ ყველაფერი რომ გემოვნების ამბავია, ეს ჩვენთან არ იციან🙂 პირდაპირ შეტევაზე უნდა გადმოვიდნენ და უაპელაციოდ ამტკიცონ “სიმართლე”🙂

    • დაგიზოგავს ნერვები, ნათია🙂
      კომენტარს სრულად ვეთანხმები – ყველაფერი შეიძლება და მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი რამდენიმე მწერალი მეც არ მომწონს. საკუთარი დასაბუთებული პოზიციის ქონის მაგივრად სხვებზე აღმატებული პოზის დაჭერაა გამაღიზიანებელი, უბრალოდ.

  6. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშვიდად ვხვდები მე-5 წესს, პოსტი ძალიან მესიამოვნა.🙂

    • ნატო, თქვენი შემოქმედების ისეთი თაყვანისმცემელი ვარ, ამ წიგნის ფესტივალმა იროელთა ახალი წიგნის გამოუცემლობით დამწყვიტა მხოლოდ გული. ველი მოუთმენლად🙂
      მე-5 წესი როგორი ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში, ჩემზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ…

      • ქარჩხაძემ საშემოდგომოდ გამოვცემო. მე-5 უკვე დასრულებული მაქვს და მე-6-ზე დავიწყე მუშაობა.

        დიდი მადლობა ჩემი წიგნების ასეთი გულშემატკივრობისათვის 🙂

      • პირიქით, თქვენ დიდი მადლობა ლილეს შექმნისთვის, ქართული მითოსის გაცოცხლებისთვის, და საინტერესოდ წერისთვის🙂
        მაშ, დავალოდები შემოდგომას!

  7. Reblogged this on kotiko jafaridze.

  8. Reblogged this on and commented:
    წესი 3: აბუჩად ავიგდოთ ქართული თარგმანები – ჩვენ ყველა წიგნს მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობთ. იქვე აბუჩად ავიგდოთ ყველა მკითხველი, რომელიც ქართულ თარგმანს კითხულობს, რადგან ქართული თარგმანი აპრიორი არ ვარგა; ხოლო ქართულ თარგმანს კითხულობს მხოლოდ ის, ვინც უცხო ენას არ ფლობს, ანუ ჩვენ მათზე მაგარი ტიპები ვართ.

  9. მშვენიერი წესებია, კიდევ კარგი არც ერთს არ ვიცავ:)

    • ჩემი აზრითაც, კარგია🙂

  10. ყველაზე ნამდვილი პოსტი ყველაზე ნამდვილ ქართულ ბიბლიო–უბედურებაზე!

    • დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის🙂 ბლოგზე სტუმრობისა და კვალის დატოვებისთვისაც, რასაკვირველია🙂

      • შენც მესტუმრე თუ კომფორტულად იგრძნობ თავს ჩემს სამყაროში… მე მომწონს შენთან🙂

      • მადლობა
        აუცილებლად გესტუმრები🙂

  11. აბსოლუტური რეალობა.

    ჰმმ.. იმედია, ვინც საჭიროა, წაიკითხავს ამ პოსტს და ოდნავ მაინც მოეგება გონს..
    საწყლები :)))

    • მადლობა ბლოგზე სტუმრობისა და კომენტარისათვის🙂 მიხარია, თუ მოგეწონათ პოსტი და მეთანხმებით

  12. ნეტში დავბოდიალობდი და შემთხვევით წავაწყდი ორი წლის წინანდელ ამ პოსტს . ძალიან დაგვიანებულია მგონი , მაგრამ მაინც გეტყვი რომ შენი ბლოგი ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია და ხშირად შემოვირბენ ხოლმე ^_^ რაც შეეხება ამ პოსტის შინაარსს , ერთი ”ზე განათლებული ” ტიპის კომენტარი გამახსენდა . დიდი სიამაყით წერდა ”წიგნები ბათუმში ” -ს რომელიღაც სტატუსზე : როგორ შეიძლება სტრუგაცკები ქართულად წაიკითხო ადამიანმა , ორიგინალი სულ სხვააო . ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები მსგავსი ტიპის კომენტარებზე . კი ბატონო , უმჯობესია დიკენსი ინგლისურად ვიკითხოთ , დოსტოევსკი – რუსულად , მაგრამ ყველას ხომ არ გვაქვს უცხო ენის იმხელა ცოდნა , რომ ქართულ თარგმანზე ხელი ავიღოთ ? დიახაც , ძალიან მიხარია ” ძნელია ღმერთობას ” გაქართულება , რადგან სხვა შემთხვევაში ამ დიდ სიამოვნებას მოვაკლდებოდი . რატომ მოსწონთ სხვისი დამცირების ფონზე საკუთარი თვითშეფასების ამაღლება , არ ვიცი . ყოველ შემთხვევაში , ეს ამბავი საშინლად არ მომწონს !

    • დიდი მადლობა, პატ🙂
      გადაჭარბებული შეფასებაა ჩემი ბლოგისთვის, მაგრამ სასიამოვნო🙂 მადლობა.
      ეგ კომენტარი სტრუგაცკებზე მეც წავიკითხე: ხაზი ხომ უნდა გაუსვან საკუთარი ერუდიციის სიღმეებს!😀
      არადა ისეთი ფანტასტიკურად კარგი თარგმანია, ერთი სიამოვნებაა “ძნელია ღმერთობის” ქართულად წაკითხვა❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: