Posted by: Author | January 13, 2013

ბექა გოჩიაშილის სადებიუტო ალბომი

ბექას, ალბათ, უმრავლესობა იცნობთ. უკვე 16 წლის პროფესიონალი ჯაზ-კომპოზიტორი და პიანისტი ჯაზით 3 წლისა დაინტერესდა, როცა ჯერ ოსკარ პიტერსონით, შემდეგ ქით ჯარეტის კომპოზიციით მოიხილბლა, მოგვიანებით კი ჩიკ კორეამ სამუდამოდ მოწამლა ჯაზის სიყვარულით. 6 წლის ასაკიდანდან კლასიკურ მუსიკაში “გავარჯიშებული” 9 წლის ასაკიდან ჯაზს დაუბრუნდა. აღიარებაც, ფაქტიურად, მაშინვე მოვიდა. შემდეგ იყო კონდოლიზა რაისის და ამერიკის საელჩოს დახმარება, საცხოვრებლად გადასვლა აშშ-შ, ჯულიარდის სკოლის ჯაზის ფაკულტეტი, უამრავი საერთაშორისო კონკურსები, გამოსვლები NY-ის სახელგანთქმულ ჯაზ-კლუბებში, ჯაზის მეტრებთან ჩაწერილი ნამუშევრები და ზღვა ოვაციების. ჯაზთან მისი ურთიერთობის ამ 7 წლის განამვლობაში ის ძალიან გაიზარდა და დღეს დამფასებელიც ბევრი ჰყავს. ასე მოვიდა ქართველი ვუნდერკინდი 2012 წლის ივლისში სადებიუტო ალბომამდე სახელწოდებით, BEKA.

დისკი სააახალწლო საჩუქრად მივიღე რამდენიმე დღის წინ და ზუსტად ეს რამდენიმე დღეა, სხვას ვერაფერს ვუსმენ. იმდენად მომხიბლა, ვრცელი ანოტაციის დასაწერად დროის გამონახვა მაიძულა.

ალბომი 12 კომპოზიციისგან შედგება. აქედან, 7 ბექას დაწერილია და, მერწმუნეთ, ისეთებია, ჯაზის დიდ კორიფეებს რომ არ დაენანებათ საკუთარ რეპერტუარში შეტანა; კიდევ ორი – გია ყანჩელის დიდებული ბალადების ინტერპრეტაციაა; 2 ლენი უაიტის და 1 – სტენლი კლარკის კომპოზიციიაა – ბექას ხასიათითა და ტექნიკით -გაჟღერებული, რასაკვირველია. ალბომი ლაკონურადაა გაფორმებული შავ-თეთრი ფოტოებით: მრავალფეროვნება შიგთავსში ეძიეთო, თითქოს გვეუბნება დიზაინის ავტორი.
picture5mu
ალბომს ბექას მუსიკალური მამებისადმი – ჩიკ კორეასა და კით ჯარეტისადმი მიძღვნილი კომპოზიციები ხსნის – Un Gran Abrzao (ესპ. ძლიერი ჩახუტება) და For Keith. უსმენ და ვერ იჯერებ, ასეთ რთული და თანმიმდევრული კომპოზიციური წყობის ავტორი 16 წლის ბიჭი თუა. აკორდებისა და ჰანგების ჰარმონიული ქაოსი სართულებიან მელოდიად ლაგდება. თავიდან შემოგდებული მუსიკალური თემები მუსიკოსთა მიერ კომპოზიციის შუაში აგურებად ირღვევა, რათა შემდეგ ახალი არქიტექტურით აღსდგეს და მოგნუსხოს საკუთარი სიდიადით.

ბოპური ხასიათი და დესტრუქციული სულისკვეთება კიდევ უფრო დიდი დოზითაა წარმოოდგენილი კომპოზიციაში – Exit TO The West. მასში ისეთი რთული წყობის, და მაინც დაუფანტავი და აკინძული პასაჟები აპობს სმენას, ხშირად მელოდიის მიდევნებაც ჭირს. და მაინც, ამ შეკრულ კომპოზიციაში ბი-ბოპის ავანგარდული და თავისუფალი ხასიათი სიამოვნების 6 წუთის გარანტიას იძლევა. ქაოტურ კომპოზიციაში ლაიტმოტივად გადევნებული მელოდიის ირგვლივ აგორებულ იმპროვიზაციას მხოლოდ დიდი მუსიკოსი თუ გაუმკლავდებოდა ასეთი პროფესიონალიზმით.

კომპოზიცია Coco ბიგ-ბენდების შემდგომ, ბოპამდელ ეპოქაში დაგაბრუნებთ. მელოდიის სვინგირება (swinging) ტრიშოი კლავიშებთან ერთად გიტარასა და ბასზე მიდის. კლასიკური ჯაზის მოყვარულებს ეს მელოდია სასიამოვნოდ გააოცებთ. კომპოზიციის მსვლელობისას აქცენტი ერთი ინსტრუმენტიდან მეორეზე არაორიგინალურად, მაგრამ ყურისათვის ძალიან ჰარმონიულად ინაცვლებს.

სამი აბზაცით წინ ალბომის მრავალფეროვნება ვახსენე. მართლაც, ერთი შემსრულებლისა და კომპოზიტორისგან ერთ დისკში ნაკლებად მოელი ბოპის შედევრის გვერდით ქულ-ჯაზის დამამშვიდებელ აკორდებზე აგებულ უნატიფეს ბალადებს. სწორედ ასეთებია შეყვარებულისადმი მიძღვნილი Song To Niniko და დედისადმი მიძღვნილი Made Of Tenderness. მელოდიაში განშორების სევდა და დიდი სიყვარული იმდენად ზედაპირზე დევს, რთულია, ბექას სამყაროში არ შეაღწიო, არ უთანაგრძნო და მასთან ერთად არ განიცადო. მუსიკის მოსმენისას აუცილებლად გაგაოცებთ ახალგაზრდა ვირტუოზის საოცარი ხელის ტექნიკა და მელოდიის განსხვავებული, სტრუქტურული აღქმა. კომპოზიციები, დაწერილი დიდი სიყვარულით – სხვაგვარად სული ვერ შექმნიდა და გადმოსცემდა ამ დიდებულ მელოდიურ ხაზს.

ჩემი განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა შეყვარებულისადმი მიძღვნილმა კიდევ ერთმა მელოდიამ – Passionately In Love. სამბის მსუბუქი არომატით შეზავებული, კარგად სტრუქტურირებული, ბლოკ და სოლო აკორდებში პროფესიონალურად გაშლილი ტკბილი მელოდია ერთი დიდი და თავდავიწყებული სიყვარულის ისტორიას გვიამბობს. დიახ, ბექას მელოდიები საუბრობენ გრძნობებზე, ამბებზე, ისტორიებზე, ავტორის ცხოვრებაზე. ეს მეტყველი მუსიკაა, ცოცხალი მუსიკა. ბექას სასარგებლოდ უნდა ითქვა მთავარი: ბექა არ იმეორებს მოტივს – იგი ახალ, სრულყოფილ, შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ მელოდიებს ქმნის!

ალბომის დიდი სამკაულია ყანჩელი კომპოზიციების ბექასა და უაიტისეული ვერსიებია. ეროვნული ტრაგიზმის ბეჭდით დაღდასმული “ჰერიო ბიჭებო” ჯაზურ ვერსიაში აბოლუტურად ინარჩუნებს პირვანდელ სულისკვეთებას და განწყობას. არანჟრება ძუნწადაა გამოყენებული – ან, შეიძლება იმდენად სახასიათოდაა აკომპანირებული, რომ იმპროვიზაცია იოტისოდენადაც არ აფუჭებს სიმღერის თავდაპირველ ხასიათს. შეიძლება პირიქით, მხოლოდ ხაზს უსვამდეს მას. სიმღერის უდაო მშვენება ნატალია ქუთათელაძის ვოკალია – მისი მეცო-სოპრანო აძლიერებს მელოდიაში განივთებულ სევდიან განწყობას. ერთადერთი პრეტენზია ტექსტის ინგლისურ თარგმანთან მაქვს: “Come Everybody” ასუსტებს მოწოდების სიძლიერეს და არასწორ პრიზმაში გადააქვს სიმღერის სულისკვეთება (საქართველოში გაყიდულ ალბომებში კომპოზიცია ქართული ტექსტით არის).

ბოლო ლუკმად ყანჩელისვე “როცა აყვავდა ნუში” მოვიტოვე. იცით, ამ სევდიანი და ტკბილი მელოდიის მოსმენისას რა გრძნობა გეუფლებათ? თითქოს ყანჩელმა თავისი მუსიკა სწორედ ამ ვერსიისთვის შექმნა. უსმენ და იჯერებ, რომ პერკუსიები და აკუსტიკური ბასი თავდაპირველ ვერსიაში იყო. ყველაფერი ისეთი ორგანული და მთლიანია, იმპროვიზაცია – თავშეკავებული და ბუნებრივი, ვოკალი – ინსტრუმენტალური მუსიკის ნაწილი, დასარტყამები – ნაზი და ჰარმონიული.  უსმენ და ოცდები, აქამდე რატომ არავინ მოიფიქრა ამ მელოდიის გაჯაზება.  ბარაქალა არანჟრების ავტორებს – ბექას და ლენის.

შეფასება: 10/10

რეკომენდაცია: must-listen for every Jazz-lover.


Responses

  1. რა გითხრა, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებლად, აუცილებლად უნდა გქონდეს თემატური მუსიკალური ბლოგი და ასე შიგადაშიგ არ უნდა ვეძებდეთ რეცენზიებს.

    დისკს რომ ვიყიდი ამის წაკითხვის შემდეგ, ცხადზე ცხადია.

    • მადლობა, მოლი, იმისთვის, რომ შენი კომენტარები ყოველთვის ასეთი წამახალისებელი და პოზიტიურია🙂

  2. დავბერდი ჯაზის სმენაში და ბოპსა და სვინგს დღემდე ვერ ვარჩევ🙂

    • მაღალი კლასის პროვოკატორი ხარ🙂
      მაინც მადლობა, სტუმრობისა და ჩემი სამოყვარულო რეცენზიის წაკითხვისათვის🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: