Posted by: Author | October 12, 2012

ახდენილი ოცნება და რეპერები ჩილედან

ყურსასმენებს ვიკეთებ, Monarchy of Roses-ს ვრთავ, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ და თვალებს ვხუჭავ… მომენტალურად ახლო წარსულში ვბრუნდები: ღამეა, ღია ცის ქვეშ ვდგავარ, სოფიტების განათება, გარშემო ჩემსავით ეგზალტირებული ხალხის მასა, დიდ ეკრანზე ენტონი კიდისს ვხედავ მიკროფონთან, რომელიც ცოცხლად ასრულებს ამ მელოდიას… ისევ ის შეგრძნება, იგივე განცდა, სხეული ითხოვს რიტმებთან აყოლას, გონება ფიქრს წყვეტს…

2012 წლის 8 ოქტომბერს Red Hot Chili Peppers-ის ლაივი ამ სიმღერით გაიხსნა სტამბულში.

.     .     .     .     .

ჩემი Red Hot Chili Peppers-ით დაავადება მაინც საკმაოდ გვიან, 2006 წელს დაიწყო. დაიწყო მაშინ, როცა ჯერ Stadium Arcadium-ს მოვუსმინე მეგობრის რეკომენდაციით, შემდეგ Slow Cheetah-ს, შემდეგ ალბათ Dani California იყო, მერე მთლიანად ალბომი და მთელი არსებით ვიგრძენი, როგორი გრანდები ‘გავიცანი’, რამდენად დიდებულ სიმღერებს ვუსმენდი. არა, ბევრი ცნობილი ჰიტი თუ ნაკლებად ცნობილი კომპოზიცია აქამდეც მომწონდა, მაგრამ ალბომი Stadium Arcadium ახალი ეტაპი იყო ჩემთვის.

როკის მსმენელად არ ვთვლი საკუთარ თავს – ტოტალურად სხვა ჟანრს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები უდაოდ Red Hot Chili Peppers-ია და თუ ვინმეს ცოცხლად ხილვა გულით მინატრია, სწორედ ეს გენიალური (ჩემთვის) ოთხეულია. მათი ჩანაწერების მოსმენისას ხშირად მიოცნებია იმ თავისუფლებაზე, რასაც მათი ცოცხალი შესრულების მოსმენა მომიტანდა. ამბობენ, სურვილი თუ დიდია, ის აუცილებლად სრულდებაო… და მეც ამიხდა!

2012 წლის მაისში მეგობრის ფეისბუქის “კედელზე” აღმოვაჩინე ინფორმაცია, რომ თურმე ჩემი საოცნებო ჯგუფი 8 სექტემბერს კონცერტს მართავს სტამბულში. წარმოგიდგენიათ? იმ ქალაქში, რომელში განმეორებით სტუმრობაც ასე ძალიან მინდოდა ის ჯგუფი ჩამოდის, რომელიც… ზემოთაც მოგახსენეთ, რომელიც🙂 ინფორმაცია მეუღლეს გავუზიარე და მისგან ძალიან მალე მივიღე პასუხი: Well, I have eight words for you: Pack your bags cause we’re going to Istanbul. ეს იყო ძალიან, ძალიან ბედნიერი წუთები, რომელსაც მოლოდინის და მოუთმენლობის 3,5 თვე მოჰყვა. ჩემთვის დროის ათვლა უკურეჟიმში დაიწყო – დღეები კი არ გადიოდნენ, არამედ მათი რაოდენობა მცირდებოდა.

თავს არ შეგაწყენთ ამ 3,5 თვისა და სტამბულში გამგზავრების დეტალებით (ყოველ შემთხვევაში, ამ პოსტში). ერთი ანაქრონიზმი მომხვდა თვალში – ფრენისას თურქიშის ჟურნალ-გზამკვლევს ვათვალიერებდი და ერთ-ერთ გვერდზე ფეფერსების ფოტო ვნახე:

ვინაიდან ჯგუფი ამ ფოტოზე ძველი შემადგენლობითაა გამოსახული და ჯოშის მაგივრად ფოტოდან ჯონის [ჯონ ფრუშანტე – ყოფილი სოლო-გიტარისტი და ბექ-ვოკალი, რომელმაც ჯგუფი 2011 წელს დატოვა და მისი ადგილი ჯოშ კლინგჰოფერმა დაიკავა] ქარიზმატული ფიზიონომია მიცქერდა, თავიდან დავეჭვდი, ავიაკომპანია ძველ ჟურნალს ხომ არ გვთავაზობს-თქო, მაგრამ ნამდვილად 2012 წლის ჟურნალი იყო, კონცერტი კი 8 სექტემბრით გახლდათ დაანონსებული. თანდართული ტექსტიც ნიშანდობლივი იყო: თურმე ფეფერსები ცნობილნი არიან სიმღერით Suck My Kiss, და არა, ვთქვათ, Californication-ით, My Friends-ით ან თუნდაც Aeroplane-ით… რას არ გაიგებ.

7 სექტემბერს საღამოს ჩავფრინდით, 8-ში კი დილიდან დავიძარით, რადგან (1) ელექტრონულად შეძენილი ბილეთები უნდა გადაგვეცვალა, (2) ‘ვიცოდით’, რომ 4 საათიდან გაიხსნებოდა კარები. უშუალოდ ფეფერსების კონცერტის დაწყების ზუსტი დრო არ იყო დაანონსებული. ტაქსიმის მოედანზე უფასო შატლს (ჯგუფურ ტრანსფერს) დაველოდეთ, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ მოდიოდა. ვინაიდან ფეფერსების წითელ-ლოგოიანი მაისური მეცვა, კონცერტზე წამსვლელი ყველა დაბნეული მგზავრისათვის ნიშანსვეტად ვიქეცი🙂

სანტრალისტანბული ნახევარკილომეტრზე გადაჭიმული კომპლექსი აღმოჩნდა, სადაც დღის პირველი საათისთვის მივაღწიეთ. 2 საათამდე ბილეთების გაცემას ველოდეთ – biletix-ის თანამშრომლები ჯიხურებში ისხდნენ, მაგრამ დროზე ადრე მუშაობის დაწყებას არ აპირებდნენ. ავიღეთ ბილეთები და ჩავდექით (ან უფრო სწორად, ჩავჯექით) რიგში:

4 საათამდე ჩვენს ზურგს უკან უზარმაზარი რიგი გადაიჭიმა, მაგრამ ურიგოდ გადასვლას და ერთანეთის გადაქელვას ადგილი არ ჰქონდა… ეჰ, როგორ შემშურდა (შური განსაკუთრებით თბილისში დაბრუნებულს გამიმძაფრდა, როცა ბავშვით ხელში ზოოპარკის სალაროსთან 3-კაციან რიგში მდგომს 2 კაცი ურიგოდ ჩამიხტა წინ :S ). რიგში ფეფერსების მაისურებიანი ხალხი გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა – ადგილობრივი მოვაჭრეები სახელდახელოდ დაბეჭდილ მაისურებს და თავზე წასაკრავ ლენტებს ჰყიდდნენ. მაისურებს რა უჭირდა… აი, ლენტებზე კი ისეთ სახალისო შეცდომას მოვკარი თვალი, დღესაც მეცინება: RED HOT CHILE REPPERS. წარმოგიდგენიათ? – როკის ეს ბრწყინვალე წარმომადგენლები რეპპერები ყოფილან, თანაც ჩილედან (sic!).

კონცერტის ორგანიზატორებს პუნქტუალურობაში პირველი მინუსი მაშინ დავუწერე, 4-ის ნაცვლად 5-ის ნახევარზე რომ შეგვიშვეს. მაგრამ კომპლექსში შესულებს პროგრამის ფლაერები რომ დაგვირიგეს, სადაც ფეფერსების კონცერტი ჯგუფ ათენასა და ვიღაც ადგილობრივი დიჯეის შემდეგ იყო გამწესებული საღამოს ათის ნახევარზე, აი, მაშინ მივხვდი, არაპუნქტუალურობას რომ ნაციონალობა და საზღვრები არ გააჩნია. ათენა და დიჯეი-სეტი მინდოდა ფეფერსებისთვის ამხელამანძილ და დროგამოვლილს?! არა უშავს – ფეფერსების მოსმენას ღამის მისტიკა უფრო შეეფერება, კომპლექსში კი კაფეტერიების და კომფორტული ადგილების სიმცირე არ არის. კიდისის [ენტონი კიდისი – ჯგუფის სოლისტი] მოსმენის ხათრით 5 საათი დაკიდებული გავძლებდი.

9 საათზე სტადიონისაკენ გავეშურეთ – დაღლილები, წელ- და ფეხებატკიებულები, მაგრამ სასიამოვნო მღელვარებით გულში… განვლო კიდევ ნახევარმა საათმა და პირველი აკორდებიც გაისმა… მე ვთქვი, რომ წელი მტკიოდა და დავიღალე? არა, რა სისულელეა! სცენაზე ისინი არიან, ვისაც თითქმის 4 თვე ველოდე, რომელი დაღლილობა შეიძლება იგრძნო ასეთ დროს?! ჩადმა [ჩად სმიტი – დასარტყამები] დასარტყამებზე კლასი ჩაატარა, ფლიმ [ბას-გიტარა] ხელებზეშემდგარმა გაიარა სცენაზე და ბასგიტარას დაუშრეტელი ენერგიით ჩაეხუტა, მარჯვენფეხთაბაშირშიჩასმული ჯოში გიტარით ხელში და სკამზე მჯდარი აჰყვა ტანდემში ფლის, ტონი კი მარჯვენატოტდამოკლებული შარვლით და საიმიჯო OFF!-წარწერიანი კეპით თავზე სცენაზე დგას – აბა, შეიძლება ასეთ დროს წელის ტკივილი იგრძნო?! დაიწყო შესავალი და მოიტანა ემოცია, მაგრამ რა მოიტანა – 42.000 მაყურებელი წაგვლეკა მუსიკაში გაზავებულმა თავისუფლების ტალღამ. ვხტით, ვყვირით, მუსიკის რიტმებს ვყვებით და ველოდებით, რომელი სიმღერა გახსნის კონცერტს.

ვარდების მონარქია!

ბოლო ალბომის მოსმენისთანავე ჩემთვის ფავორიტად ქცეული ეს სიმღერა ამ დღეს განსაკუთრებულად შემიყვარდა:

თავს ისე ენერგიულად ვიქნევ, კისერი მეღლება. მიკვირს – რა ენერგიის პატრონები არიან ჩადი და ფლი, მთელი კონცერტის განმავლობაში მუსიკის რიტმს აყოლილები ბოლომდე რომ იხარჯებიან და მუსიკის ხარისხზე მათი დაღლა არ აისახება.

შემდეგ იყო Dani California, Can’t Stop (ცოტა freaky-განწყობა შერბილებული), Scar Tissue, Look Around, If You Have To Ask, Charlie (ძალიან ძალიან ტკბილი სიმღერა)…

თავიდან ცოტათი შესამჩნევი დეტონაციები თანდათან სწორდება და მესამე-მეოთხე სიმღერიდან კიდისის მიერ ცოცხალ შესრულებას ალბომის ჩანაწერისგან ვეღარ გაარჩევთ.

Hard To Concentrate – ალბომის ვერსიისგან სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო მელოდიური. ჩემთვის ადრეც საყვარელი მელოდია კიდევ უფრო სასიამოვნოდ მოსასმენი გამოვიდა:

შემდეგ The Adventures Of Rain Dance Maggie (ბოლო წლის ჰიტი) და I Like Dirt იყო, რასაც Did I Let You Know მოჰყვა. ამ უკანასკნელში ტრამპეტის პარტია თურქეთში პოპულარულმა საქსოფონისტიმა – Ilhan Ersahin-მა შეასრულა საქსოფონზე.

Dosed Tease-ის შემდეგ Under The Bridge გვიმღერეს, სტამბულის ხედებით ფონზე. შემდეგ Higher Ground, ჯემი და Californication… ალბათ არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მთელი სტადიონი კიდისთან ერთად მღეროდა.

შემდეგი By The Way იყო – როგორც ჩანს, სტამბულში ძალიან პოპულარული – ტექსტი უშეცდომოდ იცოდნენ ზეპირად ჩენს გვერდით მდგარმა პატარა ბიჭებმა🙂

სცენაზე სოფიტები ჩაქრა. სიჩუმე.

ნუთუ უკვე დასრულდა კონცერტი – ცოტაც და სასოწარკვეთა დაგვეუფლებოდა. ჯერ არა, ჯერ არა, გთხოვთ!

რამოდენიმე წამში (რომელიც წუთებად მეჩვენა, თუ საათად არა) ფლიმ გვამცნო, ენტონი წყლის დასალევად გავიდაო. ამოვისუნთქეთ და ველოდებით კონცერტის გაგრძელებას.

ჯემი, Suck My Kiss, Soul To Squeeze, ისევ ჯემი…  5 წუთიანი შესვენებით დაგდებული ტემპერატურა ნელ-ნელა ისევ ზემოთ იწევს. კულმინაციად Give It Away იქცა.

ვაღიარებ, არასოდეს ვაფასებდი ამ სიმღერას. მაგრამ კონცერტზე მუხტი მოიტანაა… ჰაერში აგვაგდო და დაგვანარცხა ძირს. თავი დაგვაკარგვინა უკლებლივ ყველას… და კისერი ისევ მეტკინა😀

შემდეგ ჩადმა დასარტყამების ჯოხები სუვენირებად მოისროლა ხალხში და დაგვემშვიდობნენ.

.     .     .     .     .

ამ დიდი ემოციების შემდეგ სასტუმროში დაბრუნება ისეთ მოსაწყენ თავგადასავლად გვექცა, არც კი ვიცი, ღირს თუ არა დაწერა. წარმოიდგინეთ, 42.000 კაცი გამოსულია სტადიონიდან – ზოგი კულტურულად დგას შატლის კილომეტრიან რიგში, ზოგს კი რიგში დგომა ეზარება და ტაქსის გამოჭერის იმედით გზას დაადგა. ჩვენ ამ უკანასკნელ კატეგორიაში აღმოვჩნდით – კაი ძალი მანძილი გავიარეთ, ბევრი ვიწვალეთ, დროც ბევრი დავხარჯეთ და ფულიც, თუმცა ამ წვალებამ იოტისოდენადაც ვერ ჩამაშხამა კონცერტიდან გამოყოლილი სიამოვნება. მოვდიოდით ერთდროულად დაღლილები და ბედნიერები, ემოციით სავსენიც და გამოწურულებიც, დამუხტულებიც და მისავათებულნიც. სასტუმროში 1 საათზე მისულმა დილის 5 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე – კონცერტმა ხომ უზარმაზარი ემოციური სტრესი მიმაღებინა, ამ სიტყვის ყველაზე დადებითი გაგებით.

და აი, დღესაც, კონცერტიდან თითქმის 5 კვირის შემდეგ ვიკეთებ ყურსასმენებს, ჩავრთავ ვარდების მონაქრიას, ავუწევ მუსიკას ბოლო ხმაზე და გონებით წარსულში გადავდივარ – იმ უბედნიერეს დღეს!


Responses

  1. რამდენი ხანია, ამ პოსტს ველოდები :))

    ისეა დაწერილი, რომელი საათია და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

    შეცდომებიანი ლენტი არ წამოგიღია სუვენირად?

    • პირველ რიგში დიდი მადლობა, მოლი🙂
      სამწუხაროდ ლენტი არ წამომიღია – ახლა ძალიან მწყდება გული😀

      • რას ამბობ :(( გული მე დამწყდა ახლა😦 ასეთი არტეფაქტი ხელიდან როგორ გაუშვი😦

        ჰოდა, ადრეც დავწერე აქ, მუსიკაზე ხშირად უნდა წერო მეთქი. თურმე მხოლოდ კლასიკა და ჯაზი არ უნდა მეგულისხმა. როკიც ფანტასტიურად გამოგდის.

      • მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შექებას არ ვიმსახურებ, ძალიან დიდი მადლობა🙂
        ეგ ლენტები სხვების ხელში (მკლავზე, თავზე, და ა.შ.) ვნახე, მე არ შემიძენია. ნეტა, ფოტო მაინც გადამეღო-თქო🙂

  2. მეც ვუერთდები ამ პოსტის მომლოდინეთა რიგებს🙂 სრულად მოიტანა ემოცია. როგორ მინდა კიდევ ერთხელ განცდა იმ ყველაფრის. არა, ყველაფრის არა-რიგები და მტკივანი წელი არ გამახსენო🙂

    • ველქომ, ნატა🙂 მიხარია, ჩემს ბლოგზე რომ გხედავ.
      შენ კი გამიგებ🙂 უძლიერესი ლაივი იყო. მე ისევ იქ ვარ😀

      • ამ პოსტით შთაგონებულმა გავავსე ამ ორი ალბომით ჩემი პლეერი და მთელი საღამო ვუსმენდი. ძალიან მინდა ისევ იქ😦

      • სტამბულის ფლეილისტი ამქვს გაკეთებული: ყველა ის სიმღერა, რაც იქ დაუკრეს, შესაბამისი თანმიმდევრობით ჩაყრილი… და ძალიან ხშირად ვუსმენ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: