Posted by: Author | October 29, 2011

რა არის, სიყვარულს რომ უწოდებენ? (ფლეიბოი და ლორწოვანი ღმერთები)

/აიზეკ აზიმოვი/

– ორი სხვადასხვა სახეობაა, – თქვა კაპიტანმა გარმმა, თან ახლოდან შეათვალიერა ქვემოთ მდებარე პლანეტიდან ამოყვანილი არსებები. მან თავისი ოპტიკური ორგანოები წინ წამოსწია, რათა ცქერისას მაქსიმალური სიმკვეთრისათვის მიეღწია. თავის ზემო ნაწილში განლაგებული სინათლის დიოდები სწრაფად აციმციმდნენ.
უცხო პლანეტაზე, თანაც ჯაშუშურ კაფსულაში გატარებული ერთი თვის შემდეგ ბოტაქსი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. სინათლის ციმციმით კომუნიკაცია შინაურულ განწყობას უქმნიდა გალაქტიკის შორეულ მხარეში გადახვეწილს.
– განსხვავებული სახეობა კი არა, ერთი სახეობის ორი ფორმაა, – თავისას არ იშლიდა ის.
– შეუძლებელია, ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მადლობა ყოფიერებას, გარეგნულად არც ისეთი ამაზრზენები არიან, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმები. გონივრული ზომები, ამოცნობადი ნაკვთები. თუმცაღა, ფერადი ლაქები არ აქვთ. საუბარი თუ შეუძლიათ?
– დიახ, კაპიტანო გარმ, – ფრთხილად დაეთანხმა ბოტაქსი – დეტალები ჩემს ანგარიშში შეგიძლიათ იხილოთ. ეს არსებები ხმოვან ტალღებს წარმოქმნიან ხორხისა და პირის მეშვეობით, ერთგვარი რთული ხველების მსგავსს. მეც კი შევისწავლე ამის კეთება და უნდა ვაღიარო, საკმაოდ რთულია, – ბოტოქსის თვალებში სიამაყის ფერებმა გაიკიაფა.
– მაშინ გასაგებია, რატომ აქვთ ასეთი ჩცვენილი და უტყვი თვალები. რაში სჭირებათ თვალები, თუკი მეტყველებისთვის არ იყენებენ?! თუმცა, მოდი, მთავარზე გადავიდეთ – მაგალითად, რატომ ამტკიცებთ, რომ ისინი განეკუთვნებიან ერთსადაიმავე სახეობას? აი, მარცხნივ რომელიცაა, ზომაში უფრო მცირეა და თმოვანი საფარიც გაცილებით გრძელი აქვს. აგებულებითაც განსხვავდებიან – გამობრცული ნაწილები ზედა ნახევარში მხოლოდ მარცხენა, მომცრო ფორმას აქვს. ცოცხლები არიან?
– დიახ, მხოლოდ გონება აქვთ დაკარგული, კაპიტანო. შიშის დასათრგუნი ფსიქოლოგიური მკურნალობა უკვე გავატარეთ, რათა მათი ქცევა უფრო ადვილად შევისწავლოთ.
– ღირს კი შესწავლა? ისედაც ვერ ვეტევით დროში, ჩვენ კი უფრო დიდი მნიშვნელობის კიდევ 5 სამყარო უნდა შევისწავლოთ. დროითი-სტასისის შენარჩუნება ძვირი გვიჯდება, ამიტომ აჯობებს ეს ეგზემპლარები დავაბრუნოთ და გავაგრძელოთ…
კაპიტანის ბოლო სიტყვებზე ბოტაქსის ლორწოვანმა, გრძელმა სხეულმა აღშფოთებისაგან ვიბრირება დაიწყო. მისი მილისებრი ენა გადმოვარდა და ბრტყელ ცხვირს შემოეხვია, სამთითა ხელით უარყოფის ნიშნად აღიმართა, თვალებმა კი საუბარი მუქ წითელ სპექტრში გადაიტანა.
– ყოფიერებამ დაგვიფაროს, კაპიტანო! სამყარო უდიდესი აღმოჩენის წინაშე დგას, ჩვენ კი, მოგეხსენებათ, კრიზისში ვიმყოფებით. ეს არსებები ყველაზე საშიში შეიძლება აღმოჩნდნენ მთელ გალაქტიკაში სწორედ იმ მიზეზით, რომ ორი ფორმით არიან წარმოდგენილი.
– ვერაფერი გავიგე.
– კაპიტანო, თქვენ მე მთხოვეთ შემესწავლა ეს ურთულესი პლანეტა. და მე შემიძლია განვაცხადო, რომ იგი უნიკალურია! თანაც იმდენად უნიკალური, რომ შეუძლებელია ყველა შესაძლო შედეგის განჭვრეტა. საქმე იმაშია, რომ პლანეტის თითქმის ყველა ქმნილება წარმოდგენილია ორი ფორმით. ჩვენ სიტყვებიც კი არ გაგვაჩნია ამ ფორმების განსხვავების გამოსახატავად, შეგვიძლია მხოლოდ „პატარა ფორმა“ და „დიდი ფორმა“ ვუწოდოთ. მათი ხმოვანი სიგნალი რომ გამოვიყენო, პირველს „მდედრი“ ჰქვია, ხოლო მეორეს – „მამრი“.
გარმის თვალებში ზიზღის ფერი გაკრთა:
– ხმოვანი სიგნალი ურთიერთობის საზიზღარი ფორმაა.
– ყველაზე მთავარი არ მითქვამს კაპიტანო, – აგრძელებდა ბოტაქსი, – იმისათვის, რომ დატოვონ შთამომავლობა, ეს ორი ფორმა თანამშრომლობს.
კაპიტანი, რომელიც აქამდე ინტერესით ათვალიერებდა ტყვეებს, მთელი ტანით შეტრიალდა გამომძიებლისკენ.
– თანამშრომლობა? ეს რაღა უბედურებაა? სიცოცხლის ერთდერთი ფუნდამენტალური კანონი არის ის, რომ თითოეული ცოცხალი არსება შობს შთამომავალს საკუთარ თავთან ყველაზე ღრმა და პირადული ურთიერთობის შედეგად. განა სხვაგვარად შესაძლებელია ახალი სიცოცხლის შობა?
– იმისათვის, რომ ერთმა ფორმამ შობოს შთამომავლობა, მეორე ფორმამ უნდა მიიღოს მონაწილეობა პროცესში, – თვისას არ იშლიდა ბოტაქსი.
– კი მაგრამ, როგორ?
– ძალიან რთული ასახსნელია კაპიტანო. ეს არის ერთობ პირადული და, თანაც, ჩემს მიერ მოძიებულ წყაროებში საკმაოდ ბუნდოვნადაა ახსნილი. თუმცა, გარკვეულ გონივრულ დასკვნებამდე მისვლა მოვახერხე.
გარმმა თავი შეარხია.
– წარმოუდგენელია. კვირტობა არის სამყაროში უწმინდესი და ყველაზე პირადული ფუნქცია. ეს ფუნქცია უცვლელია ათი ათასობით პლანეტაზე. როგორც ჩვენი გამოჩენილი ფოტო-მომღერალი – ლევულაინი წაიმღერებდა: „კვირტობისას, კვირტობისას, ტკბილ და სანუკვარ კვირტობისას…“
– კაპიტანო, თქვენ არ გესმით. ამ თანამშრომლობას მოაქვს გენების რეკომბინაცია და ნაზავი. წარმოგიდგენიათ? – ყოველ მომდევნო თობაში ახალი მახასიათებლები და თვისებები ჩნდება. და ასეთი ვარიაცია უამრავია. გენების მუტაცია შემაძრწუნებლად აჩქარებს მათ განვითრებას ტრადიციული კვირტობის სისტემასთან შედარებით.
– მოიცა, შენ გინდა თქვა, რომ ერთი ინდივიდის გენები შეიძლება კომბინირებულ იქნას მეორესთან? შენ წარმოდგენა თუ გაქვს, სიცოცხლის წარმოშობის მთელ ფილოსოფიას თავდაყირა რომ აყენებ ამ სულელური დასკვნებით?!
– დიახ, სწორედ ასეა ყველაფერი, – ნერვიულად გადმოკარკლული თვალებით გაეპასუხა ბოტაქსი, – ამ პლანეტაზე ევოლუცია წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარეობს. ამიტომაც აქვთ სიცოცხლის მილიონობით სახეობა.
– ჰმ, მილიონობით! – ჩაიბურტყუნა გარმმა, – ალბათ ოცი-ოცდახუთი უნდა გეთქვა. ყველაფერს კი ნუ დაიჯერებ, რასაც ადგილობრივ წყაროებში ამოიკითხავ.
– ასამდე ფორმა მხოლოდ საკუთრი თვალებით ვნახე. დამიჯერეთ, კაპიტანო, ამ არსებებს რომ დრო მივცეთ, მუტაცია მათ მთელი გალაქტიკის დაპყრობის საშუალებას მისცემს.
– ძვირფასო გამომძიებელო, დამიმტკიცე, რომ ისინი თანამშრომლობენ და მე განვიხილავ შენს ნაბოდვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს მოხსენებას ამოვშლი და აქედან ავიბარგებით.
– დიახ, დაგიმტკიცებთ, – ბოტაქსმა ცოტა ამოისუნთქა, თვალები კი მოყვითალო-მომწვანო ტონალობაში აუკიაფდა, – ამ სამყაროს ქმნილებები სხვა მხრივაც უნიკალურები არიან: მათ შეუძლიათ განჭვრიტონ მომავალი მიღწევები და ეს ლიტერატურის სახით ჩმოაყალიბონ. მაგალითად, ჯერ არ უმოგზაურიათ მომავალში, მაგრამ ამაზე უკვე წიგნებს ქმნიან და „სამეცნიერო ფანტასტიკას“ უწოდებენ. მე სწორედ ამ სახის ლიტერატურას ვეცნობოდი, რადგან აქ ყველაზე კარგად გადმოსცემენ საკუთარ მისწრაფებებს და სამყაროს მომავალ საფართხეებს. სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკიდან შევიტყვე, თუ როგორ ახდენენ თანამშრომლობას.
– საინტერესოა. როგორ ჩაიგდე ხელში ეს სამეცნიერო ფანტასტიკა?
– საქმე იმაშია, რომ ამ არსებებს აქვთ პერიოდული გამოცემა, რომელიც ხანდახან აქვეყნებს სამეცნიერო ფანტასტიკას. ეს გამოცემა მთლიანად ეთმობა ორ ფორმას შორის თანამშრომლობის მეთოდებს. ძირეულად არ არის აღწერილი, მაგრამ მკაფიო მინიშნებები ამოვიკითხე. გამოცემას „ფლეიბოი“ ჰქვია და მისი ავტორი იმდენადაა დაინტერესებული ამ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებით, რომ ეძებს მას აბსოლუტურად ყველგან. გამოცემის ავტორს სამეცნიერო ფანტასტიკაშიც კი აქვს აღწერილი ფორმათაშორისი თანამშრომლობა და მეც დაწვრილებით შევისწავლე ეს მოთხრობები. კაპიტანო, გევედრებით, როდესაც ეს ორნი თანამშრომლობას დაასრულებენ და თქვენს თვალწინ შთამომავალს გააჩენენ, ააფეთქეთ, ატომებად დაშალეთ წყეული პლანეტა!
– კარგი, – უხალისოდ დათანხმდა კაპიტანი, – მოიყვანე არსებები გონებაზე და შეასრულე დანაპირები.

მარჯ სქიდმორმა მაშინვე გააცნობიერა, სადაც იმყოფებოდა. მას მშვენივრად ახსოვდა ბაქანი და ირგვლივ ჩამოწოლილი ბინდი, სადაც მის გარდა მხოლოდ ორი მამაკაცი იდგა, – ერთი გვერდით, მეორე – მოშორებით. მატარებელი უკვე ახლოვდებოდა, რის შესახებაც შორიდან მომავალი გუგუნის ხმა ამცნობდათ.
შემდეგ უეცრად განათდა… შეგრძნება, თითქოს შიგნიდან ამოატრიალეს… რაღაც ლორწოვანი არსების გამხდარი სილუეტი და…
– ღმერთო, – წამოიძახა გაოცებულმა, – მე ჯერ ისევ აქ ვარ… ის კაციც, – ქალმა მამაკაცში ბაქანზე მდგომი ერთ-ერთი მგზავრი ამოიცნო.
დაღლილობა და ზიზღი ერთად იგრძნო, მაგრამ არა შიში, რაც ძალიან გაუკვირდა.
კაცს მიუბრუნდა:
– თქვენც მოგიტაცეს? კიდევ ვინ?
ჩარლი გრიმვოუმ ხელის თავთან მიტანა სცადა, რათა ქუდი მოეხადა და კეფაზე შერჩენილი თხელი თმის ბულული უკან გადაევარცხნა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ რეზინის აპკი ხელს უშლიდა თავისუფალ მოძრაობაში. კაცმა წინააღმდეგობა შეწყვიტა და სანდომიან სახის მქონე ქალს მიაჩერდა. ოცდაათს იქნებოდა გადაცილებული, ლამაზი თმა ჰქონდა, მომდგარი კაბა ძალიან უხდებოდა. მიუხედავად მომხიბლავი ქალის კომპანიისა, ჩარლის ერჩივნა სხვაგან, თუნდაც სრულიად მარტო ყოფილიყო.
– არ ვიცი, ქალბატონო.. მე ბაქანზე ვიდექი.
– მეც.
– შემდეგ განათდა და… ალბათ მარსიანელები არიან, ხომ?
ქალმა ენერგიულად დაუქნია თავი:
– მეც ასე ვფიქრობ. გეშინიათ?
– რაოდენ უცანურიც არ უნდა იყოს – არა.
– არც მე. საოცარია, ნამდვილად, – უცებ შეჰკივლა, – ღმერთო, ერთი მათგანი გვიახლოვდება. ეს საზიზღრობა თუ შემეხება, ვიკივლებ! შეხედეთ მის ლორწოვან ხელებს და დანაოჭებულ კანს. ფუჰ, გული მერევა!
ბოქატსი მათ მიუახლოვდა, შემდეგ რაც შეიძლება მკაფიოდ, ადამიანის ხმის მიბაძვით წარმოთქვა სიტყვები:
– ქმნილებებო, ჩვენ არ მოგაყენებთ ზიანს. მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ აქვე, ჩვენს თვალწინ დაკავდეთ თანამშრომლობით.
– შეხედეთ, ლაპარაკიც სცოდნია! – გაოცდა ჩარლი, შემდეგ ბოტაქსს მუბრუნდა, – რას გულისხმობ თანამშრომლობაში?
– ორივე. ერთმანეთთან, – დამარცვლით განუმარტა ბოტაქსმა.
ჩარლიმ ინტერესით გადახედა მარჯს:
– როგორ გგონიათ, რა იგულისხმა?
– წარმოდგენა არ მაქვს, – დაუფიქრებლად მიუგო ქალმა.
– მე ვიგულისხმე … – და აქ ბოქატსმა წარმოსთქვა მოკლე ტერმინი, რომელიც ადრე ერთგან ამოიკითხა, როგორც თანამშრომლობის პროცესის აღმნიშვნელი.
მარჯი ჯერ წამოწითლდა, შემდეგ კი ბოლო ხმაზე შეჰყვირა:
–რაა?!
ბოტაქსმა და გარმმა ხელებით სმენის აპარატები დაიხშვეს – მაღალი დეციბილებისგან აუდიოაპარატები ეტკინათ. მარჯი კი გაცხარებული განაგძობდა ჩხუბს:
– თქვენ რა, გაგიჟდით? ეს აღმაშფოთებელია! მე გათხოვილი ქალი ვარ. აბა ჩემი ედი აქ იყოს, ვნახავდით, რასაც გაბედავდით. ან თვენ, ვაჟბატონო, – და ქალი ჩარლის მიუბრუნდა, რომელსაც, ის-ის იყო, რეზინის წინააღმდეგობა გადალახა, – ვინც არ უნდა ბრძანდებოდეთ, თუკი ფიქრობთ, რომ…
– ერთი წუთით, ქალბატონო, – სასოწარკვეთით შეჰყვირა ჩარლიმ, –გეფიცებით, ჩემი იდეა არ არის. მე არ ვარ ასეთი. მე… მეც ცოლიანი ვარ, სამი შვილი მყავს. მისმინეთ…
კაპიტანი გარმმა უკმაყოფილო გამომეტყევლებით იკითხა:
– აქ რა ხდება, გამომძიებელო ბოტაქს? რა უზარო კაკაფონიაა?
– იცით, – წამოიწყო ბოტაქსმა უხერხულობის მაჩვენებელი იისფერი ნათებით, – ეს თანამშრომლობა რთული პროცესია. შედეგის უკეთ მისაღწევად, თავდაპირველად ერთ-ერთმა უნდა გამოხატოს წინააღმდეგობა. შემდეგ სტადიაზე კი კანის საფარს იძრობენ.
– ერთმანეთს ატყავებენ???
– არა, მართლა კი არ ატყავებენ – ხელოვნური კანი აქვთ, რომელსაც უმტკივნეულოდ იძრობენ. განსაკუთრებით აუცილებელია, რომ მომცრო ფორმამ გაიძროს კანი.
– ჯანდაბას შენი თავი – უბრძანე პატარა ფორმას, გაიძროს კანი. ოღონდ, იცოდე, არ მომწონს ეს ამბავი.
– კაპიტანო, მგონი სჯობს პატარა ფორმას არ ვთხოვოთ ეს და ზუსტად მივდიოთ აღწერილ რიტუალს. შეხედეთ, თან წამოვიღე „ფელიბოის“ ნომერი, სადაც სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი აღწერს, როგორი ძალისმიერი მეთოდებით ხდიან მდედრს ხელოვნურ კანს. აი, თუნდაც ამ გვერდზე არის პროცესის აღწერა: „უხეშად შემოახია ტანსაცმელი მოხდენილ სხეულზე. ლოყით შეიგრძნო ქალის შიშველი მკერდის სითბო და სიმკვრივე“, – და ასე შემდეგ. ხედავთ? – უხეშობა და ძალადობა მუშაობს, როგორც სტიმული.
– მკერდი? – ჩაეკითხა კაპიტანი, – ვერ გავიგე თქვენი ციმციმი.
– დიახ, ეს ტერმინი შემოვიტანე იმ ორი ამობურცულის აღსანიშნად, რომელიც უფრო მომცრო ფორმას აქვს სხეულის ზედა ნაწილში.
– ახლა გასაგებია. მაშინ გადაეცით დიდს, რომ კანი მოაცალოს პატარას. ბრრ, რა საზიზღარი პროცედურაა!..
ბოტაქსი მიუბრუნდა ჩარლის:
–ბატონო, თუ შეიძლება ქალბატონის მოხდენილ სხეულზე ჩამოახიეთ ტანსაცმელი. ამ მიზნით მზად ვარ აგხსნათ ადგილიდან.
მარჯს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ გაცოფებული შეტრიალდა ჩარლისკენ:
– არც იფიქროთ, გესმით?! ახლოსაც არ მომეკაროთ, საქსუალურო მანიაკო!
– მე? – თავი მოისაწყლა ჩარლიმ, – ქალბატონო, გეფიცებით, მე არაფერ შუაში ვარ. თქვენ გგონიათ, თქვენი კაბის დახევას ვაპირებ? – და ბოტაქსს მიუბრუნდა, – მომისმინეთ, მე ცოლი და სამი შვილი მელოდება სახლში. ცოლმა რომ გამიგოს, ვიღაც ქალს კაბას ვაგლეჯ, ძალიან დამერხევა. იცით, რა დღეს მაყრის, სხვა ქალს უბრალოდ თვალი რომ გავაყოლო? მისმინეთ…
– დიდი ფორმა ჯერ ისევ არ არის განწყობილი? – მოუთმენლად იკითხა კაპიტანმა.
– როგორც ჩანს, – გაუბედავად აღიარა ბოტაქსმა, – უჩვეულო გარემომ შეიძლება გაახანგრძლივოს თანამშრომლობის ეს სტადია. ვინაიდან თქვენთვის ეს პროცესი უსიამო საყურებელია, მე ვითავებ მას. სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობებში ხშირად წერენ, რომ ამ ეტაპს ხშირად ადმიანების მაგივრად სხვა სამყაროს წარმომადგენლები ასრულებენ. აი, თუნდაც აქ, – ბოტაქსმა ჟურნალის ფურცვლა დაიწყო, – ავტორი აღწერს ამაზრზენ არსებებს. ჰმ, პლანეტა დედამიწის მაცხოვრებლებს ჩვენს შესახებ არასწორი წარმოდგენები აქვთ და კი არც იციან, როგორი სიმპატიურები და ლორწოთი დაფარული ინდივიდები ვართ.
– გააგრძელეთ, ოღონდ დროს ნუ წელავთ! – ცივად გააწყვეტინა კაპიტანმა.
– დიახ, კაპიტანო… ვიპოვნე: „ურჩხული მივარდა გოგონას, რომელიც ცრემლად იღვრებოდა და განწირული ხმით კიოდა, და ტორებში მოიქცია. მონსტრის ბრჭყალები ბრმად დაცურავდა ქალის მთრთოლვარე სხეულზე და კაბის ნარჩენებს აგლეჯდა.“ ხედავთ? – ველური არსება აღგზნებული და განწყობილია იმის გამო, რომ ქალის კანის საფარი არის მოცლილი.
– მაშინ იმოქმედეთ, ბოტაქს. ოღონდ, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ყოფიერების გულისათვის. ჩემი აუდიოაპარატები ვერ უძლებს ასეთი სიხშირის ხმოვან ტალღებს.
ბოტაქსმაც კრძალვით მიმართა მარჯს:
– თუ თქევნ წინააღმდეგი არ იქნებით… – და ლორწოვანი თითი ქალის კაბის საყელოსაკენ გასწია.
– არ მომეკარო! არ მომეკარო, შე საზიზღარო არსებავ! კაბა არ დამისვარო: „ორბახის“ ბუტიკში 24 დოლარი და 95 ცენტი მაქვს გადახდილი, – ქალი განწირული მოძრაობით ცდილობდა თავი დაეცვა ლორწოვან არებასთან შეხებისაგან, – მისმინე, შე ბინძურო, მე თვითონ გავიხდი კაბას. ოღონდ შენი ლორწოთი არ შეეხო, ღვთის გულისათვის!
მარჯმა შესაკრავი ელვა ჩაიხსნა და კაცს გამკილავი მზერა სტყორცნა:
– თვალთვალი არც იფიქროთ!
ჩარლიმ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა.
ქალმა ძირს ჩაცრებული კაბიდან გადმოაბიჯა:
– ჰა, კმაყოფილები ხართ, გარყვნილებო?
კაპიტანმა უკმაყოფილოდ დააბაკუნა თითები:
– ესაა თქვენს მიერ დეკლარირებული მკერდი? და მეორე არსებამ რატომ შეატრიალა თავი?
– ვერ განეწყო, კაპიტანო. გარდა ამისა, მკერდი ჯერ ისევ დაფარულია კანის სხვა ფენით, რომელიც ასევე უნდა მოიხსნას. მკერდი ძლიერი სტიმულატორია. წყაროებში აღწერილია, რომ მკერდი არის სპილოსძვლის ფერი სფეროები. სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობებში ვიზუალიზაციაც კი არის მოცემული. თუ თქვენ მათ გადახედავთ, ნახავთ, რომ მკერდის ხილვის შემდეგ დიდი ფორმები უფრო მეტად განეწყობიან.
კაპიტანმა ჩაფიქრებული მზერა ჯერ ილუსტრაციიდან მარჯზე გადაიტანა, შემდეგ ისევ უკან, ჟურნალზე.
– რა არის „სპილოსძვალი“?
– ესეც ჩემს მიერ მოფიქრებული მორიგი ციმციმია და აღწერს ამ პლანეტის ერთი უზარმაზარი ქმნილების წვეტოვანი წანაზარდის მასალას.
– აჰა, ახლა გასაგებია! მომცრო ფორმა განეკუთვნება მეომართა სექტას და ამ წანაზარდებით იგერიებს მტერს, –გარმის თვალებმა კმაყოფილების ფერში გაიბრწყინა.
– არა, არა, კაპიტანო. ეს წანაზარდები რბილი უნდა იყოს.
ბოტაქსმა, საკუთარი ვარაუდის შესამოწმებლად, პატარა ყავისფერი ხელი საუბრის ობიექტისკენ წაიღო. შედეგად მარჯმა ხმამაღლა შეჰყვირა და უკან დაიხია.
– თუ ასეა, ჩემთვის გაუგებარია, რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს მკერდს.
– მე მგონი, შთამომავლობის გამოსაკვებად გამოიყენება, – მცირე ყოყმანის შემდეგ უპასუხა ბოტაქსმა.
– შთამომავლობა მშობლებს ჭამს? – აღშფოთებით წამოიძახა გარმმა.
– მთლად ასეც არ არის: ეს წანაზარდები გამოყოფენ სითხეს, რომელსაც მოიხმარენ შთამომავლები.
– მოიხმარენ სითხეს ცოცხალი ორგანიზმიდან? – სასოწარკვეთილმა კაპიტანმა სამივე ხელით დაიფარა გატანჯული სახე.
– სამხელა, გადმოკარგკლულ–თვალება, ლორწოვანი არსება, – ჩაიბურტყუნა მარჯმა.
– დიახ, დიახ, – დაეთანხმა ჩარლი.
– დიახ, დიახ, – გამოაჯავრა მარჯმა, – თქვენს თვალებს მიხედეთ და ნუ გამოგირბით აქეთ!
– მისმინეთ, ქალბატონო, მე მართლა ვცდილობ, რომ არ გიყუროთ.
ბოტაქსი კი ისევ მიუახლოვდათ:
– ქალბატონო, თუ შეიძლება ყველაფერი დანარჩენიც გაიხადეთ.
მარჯი წამოიმართა:
– არასოდეს!
–თუ გირჩევნიათ, ამას, თქვენს ნაცვლად, მე გავაკეთებ.
– არ შემეხო! ღვთის გულისათვის, ოღონდ არ შემეხო. ჯანდაბას თქვენი თავი, გავიხდი.
ქალი თან იხდიდა, თან ცხვირში ბურტყუნებდა და გაბრაზებული მზერით აჯილდოებდა კაცს.
– არაფერიც არ ხდება, – უკმაყოფილოდ აღნიშნა კაპიტანმა, – ალბათ წუნიანი ეგზამპლარია.
ბოტაქსმა შენიშვნა პირად საყვედურად მიიღო:
– როგორ გეკადრებათ, კაპიტანო, ორი საუკეთესო ეგზემპლარი მოვიყვანე. რატომ მიიჩნევთ წუნიანად?
– შენ თვითონ შეხედე – მკერდი სულაც არ უგავს სფეროებს. მშვენივრად ვიცი, როგორი ფორმაც აქვს სფეროს, ზუსტად ასეა გამოსახული თქვენ მიერ მოტანილ ილუსტრაციაზე: ორი მოზრდილი ბურთი. ამ არსებას კი უფრო ორი გამომშრალი ნაჭერი ჰკიდია, თანაც, უფერულები.
– სისულელეა, – ციმციმით გააპროტესტა ბოტაქსმა, – მხოლოდ ბუნებრივი გადახრაა ნორმიდან. თვითონ არსებაც დაგვიდასტურებს, – და ბოტაქსი ქალს მიუბრუნდა, – ქალბატონო, თქვენი მკერდი არასრულყოფილია?
მარჯმა თვალები ფართოდ გაახილა, – რამოდენიმე წამით სუნთქვაც კი შეეკრა აღშფოთებისგან. ბოლოს ძლივს ამოღერღა:
– რა მითხარი? არა, რა თქვი?! რა თქმა უნდა, მე ლოლობრიჯიდა არ ვარ, მაგრამ საკამრისად სრულყოფილი ვარ! ღმერთო, რატომ არ არის ჩემი ედი აქ?! – შემდეგ ჩარლის მიუბრუნდა, – მისმინეთ, ეი, თქვენ, გადაეცით ამ საზიზღარ არსებას, რომ ჩემი სხეული საკმარისად განვითარებულია.
– ეე–ე… თქვენ დაგავიწყდათ, რომ მე არ გუყურებთ, – შეჰბედა ჩარლიმ.
– კი, როგორ არა – საერთოდ არ მიყურებთ! დაგინახეთ, როგორ იჭვიტებოდით – ჩამოიღეთ ეგ ხელები სახიდან, ბოლოს და ბოლოს, და შემომხედეთ, როგორც კაცს შეეფერება. თუმცა, ამაში ცოტა ეჭვი მეპარება.
– კი, ბატონო, – დაეთანხმა ჩარლი და გაუბედავად გააპარა თვალი შიშველი ქალისაკენ, რომელსაც ესარგებლა შემთხვევით და მხრებში გამართულიყო, – საკუთარი ნებით არ ვისურვებდი ასეთ დელიკატურ საკითხში ჩავრეულიყავი, თუმცა ვვარაუდობ, ყველაფერი ნორმაში გაქვთ.
– ვარაუდობთ? თქვენ რა, ბრმა ხართ? ცნობისათვის, ერთხელ მის ბრუკლინზეც ვიღებდი მონაწილეობას და მხოლოდ წელის ხაზის პარამეტრის გამო ვერ გავიმარჯვე კონკურსში…
– რასაკვირველია, აბა რა – თქვენ მშვენიერი მკერდი გაქვთ, ვაღიარებ, – ბოტაქსის დასანახად ჩარლიმ ენერგიულად დააქნია თავი, – ისინი მშვენივრად გამოიყურებიან. მე ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ ჩემს გემოვნებას სავსებით აკმაყოფილებს.
მერჯი დამშვიდდა. ბოტაქსმა თავდაჯერებულობა იგრძნო და გარმს მიუბრუნდა:
– მამრი დაინტერესებას იჩენს, კაპიტანო. სტიმული ამოქმედდა, ბოლო ეტაპიღა დაგვრჩა.
– რაში მდგომარეობს ეს ეტაპი?
– შესაბამისი ციმციმი არ გვაქვს, კაპიტანო. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი არსების საუბრისა და კვების აპარატი უნდა შეეხოს მეორეს ექვივალენტურ აპარატს. პროცესის აღსანიშნავად შემოვიტანე ციმციმი „კოცნა“.
– გული მერევა ამ საზიზღრობაზე, – აბრდღვიალდა კაპიტანმა.
– ეს კულმინაციური მომენტია. მოთხრობები ასე მთავრდება: მას შემდეგ, რაც ხელოვნურ კანს იხდიან, ერთმანეთს ეჭიდებიან კიდურებით და მწველ კოცნას მიეცემიან. აი, მაგალითი: „კაცმა მიიზიდა გოგონა და დაეწაფა მის ტუჩებს.“
– ალბათ, მამრი ჭამს მდედრს, ხომ? – ივარაუდა კაპიტანმა.
– არა, ასეც არ არის – ეს მწველი კოცნაა.
– რას ნიშნავს მწველი? ცეცხლი გაჩნდება?
– არა მგონია, პირდაპირი გაგებით იგულისხმებოდეს, კაპიტანო. უფრო ტემპერატურის მომატების ფაქტის ხაზგასმა სურთ. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მე ვფიქრობ, მით უფრო წარმატებულად ხდება შთამომავლობის შექმნა. ვინაიდან ჩვენ მივაღწიეთ დიდ ფორმაში სტიმულის შექმნას, ახლა ისღა დაგვრჩენია, მისი ტუჩები შეეხოს პატარა ფორმის ტუჩებს. შთამომავლობა სხვაგვარად არ გაჩნდება. სწორედ ესაა ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები თანამშრომლობა.
– სულ ეს არის?
– დიახ, სულ ესაა, – დაუდასტურა ბოტაქსმა, – ვერცერთ მოთხრობაში, თვით „ფლეიბოიშიც“ კი, მე ვერ ვნახე შთამომავლის გასაკეთებლად საჭირო ფიზიკური აქტივობების გაგრძელება. ზოგიერთ მოთხრობაში კოცნის შემდეგ მრავალი ვარსკვლავი იყო მიხატული – მე ვვარაუდობ, რომ ეს მხოლოდ მეტ კოცნას უნდა ნიშნავდეს. თითო კოცნა თითო ვარსკვლავზე, თუკი ბევრი შთამომავლის გაჩენა სურთ.
– ბევრი არ გვინდა – მხოლოდ ერთი კოცნა, ოღონდ, ახლავე.
– რა თქმა უნდა, კაპიტანო.
ბოტაქსმა საზეიმოდ გამოაცხადა:
– ბატონო, თუ შეიძლება, აკოცეთ ქალბატონს.
– მისმინეთ, მე ადგილიდანაც ვერ ვინძრევი.
– მე თქვენ გაგათავისუფლებთ.
– მაგრამ, ქალბატონს შეიძლება ეს არ მოეწონოს.
მარჯი გაბრაზებული უყურებოდა ჩარლის:
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არ მომეწონება. არც იფიქროთ ჩემთან მოსვლა.
– ქალბატონო, მეც მირჩევნია, ამ შარში არ გავეხვა, მაგრამ იქნებ უარესი იყოს? იქნებ, არ გავაბრაზოთ? ჩვენ შეგვიძლია… ნუ… მოვაჩვენოთ, ვითომ ვკოცნით.
ქალი ყოყმანობდა, ისიც აცნობიერებდა გამოთქმული აზრის სამართლიანობას.
– ჯანდაბას თქვენი თავი, ასე იყოს. ოღონდ, ზედმეტი რაღაცეების გარეშე, გესმით?! იმათნაირი არ გეგონოთ, ყველა შემხვედრს რომ კისერზე ეკიდებიან.
– მესმის, ქალბატონო. საკუთარი ნებით არ წამომიწყია ეს აბსურდი, მეც იძულებული ვიყავი, დავთანხმებოდი.
მარჯი გამწარებული ბურტყუნებდა: „საზიზღარი მონსტრები. ბრძანებებზე როგორც ეტყობათ, ღმერთები არიან. ამაზრზენი, ლორწოვანი ღერთები!“
ჩარლი ქალს მიუახლოვდა: „მგონი, დროა“. უხერხული მოძრაობით ქუდი მოიხადა, შემდეგ ფრთხილად მოეხვია შიშველ მხრებზე და ბაგით ბაგეზე შეეხო.
კაპიტანი გარმი ნერვიულად აციმციმდა:
– რაღაც ვერ ვგრძნობ ტემპერატურის მატებას.
მისი თბო–მგრძნობიარე ულვაშები გასწორდა და თავს ზემოთ აღიმართა.
– მეც, – დაბნეულად განაცხადა ბოტაქსმა, – უცნაურია, უცნაური. ჩვენ ხომ ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების მიხედვით გავაკეთეთ… მოიცათ, მისი კიდურები უფრო მეტად უნდა იყოს გაშლილი – აი, ზუსტად ასე. შეხედეთ, მუშაობს.
მართლაც, ჩრლის ხელი შემთხვევით ჩამოუცურდა მერჯის შიშველ უკანალზე. რამოდენიმე წამით მერჯიც მჭიდროდ მიეკრა კაცს, მაგრამ შემდეგ ისევ უკან გაიწია.
– გამიშვით! – ჩაიჩურჩულა მარჯმა. მან მოულოდნელად პირი მოკუმა. ჩარლიმ ჯერ მტკივნეულად შეჰყვირა და უკან გადახტა, შემდეგ შემდეგ ქვედა ტუჩზე მოისვა ხელი და თითებზე დატოვებულ სისხლის კვალს დახედა.
– რატომ, ქალბატონო? – საწყლად შესძახა მან.
– ჩვენ მგონი შევთანხმდით, რომ მხოლოდ თავს მოვაჩვენებდით… დიდი მექალთანე ვინმე ხართ. საოცარ კომპანიაში მოვხვდი, რა: ფლეიბოი და ლორწოვანი ღმერთები!
კაპიტანი გარმი კონტრასტულ ლურჯ და ყვითელ ფერებში აციმციმდა:
– სულ ეს იყო? და რამდენი ხანი უნდა ველოდოთ შთამომავლებს?
– მე ვფიქრობ, ლოდინი არ მოგვიწევს. თქვენც ხომ იცით, როდესაც კვირტაობთ, თქვენ კვირტდებით: აღარაფერს ელოდებით.
– ხოო? ამ სულელური ჩვევების შემხედვარე აღარ მგონია, ოდესმე კიდევ ვიკვირტაო. გთხოვთ, დაასრულოთ პროცესი.
– სულ ერთი წუთიც, კაპიტანო.
თუმცა ერთი წუთიც გავიდა, კიდევ მეტიც, კაპიტან გარმის ნათება კი თანდათან მღვრიე ნარინჯისფერში გადაიზარდა მაშინ, როცა ბოტაქსი სრულად ჩაქრა.
ბოლოს, ბოტაქსმა მარჯს ჰკითხა:
– მაპატიეთ, ქალბატონო, როდის იკვირტებთ?
– როდის – რა?
– გააჩენთ შთამომავლობას.
– მე უკვე მყავს შვილი.
– მე ვგულისხმობ – გააჩენთ შთამომავლობას ახლა.
– არა, გენაცვალე, ჯერ მეორე ბავშვისათვის მზად არ ვარ.
– რაო, რაო? – პასუხი მოითხოვა კაპიტანმა – რას ამბობს მცირე ფორმა?
– როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ის ამჟამად არ აპირებს შთამომავლობის გაჩენას.
კაპიტანის ფერების დიოდმა ამჯერად მრისხანედ იფეთქა.
– იცი, მე რას ვფიქრობ, გამომძიებელო? მე ვფიქრობ, შენ გაქვს ავადმყოფური, გახრწნილი აზროვნება. არაფერიც არ ემართებათ ამ არსებებს. არავითარი თანამშრომლობა არ ასებობს მათ შორის და არავითარი შთამომავალი არ დაიბადება. ისინი არიანი ორი სხვადასხვა სახეობა, ხოლო მე კი იდიოტად გამოგყავარ!
– კი მაგრამ, კაპიტანო – დაიწყო ბოტაქსმა.
– აღარავითრი „მაგრამ კაპიტანო“! საკმარისია! შენ მე ძვირფასი დრო დამაკარგვინე. შენ მხოლოდ ჯილდოსა და პირად დიდებას ეძებ და მე კარგად ვიზრუნებ, რომ ის არ მიიღო. ახლავე მოიშორე თავიდან ეს არსებები. მიეცი თავიანთი კანები და დააბრუნე იქ, საიდანაც აიყვანე. დროითი სტასისი შენარჩუნების მთელ დანახარჯს ხელფასიდან გამოგიქვითავ.
– მაგრამ, კაპიტანო…
– დააბრუნე-მეთქი! დააბრუნე იმავე ადგილას და დროის იმავე მონაკვეთში. პლანეტას ჩვენი შეხება არ უნდა შეეტყოს, – მან კიდევ ერთი განრისხებული მზერა სტყორცნა ბოტაქსს, – ერთი სახეობა, ორი ფორმა, მკერდი, კოცნა, თანამშრომლობა, ბუ-ჰე! შენ ხარ სულელი, გამომძიებელო, და რაც ყველაზე მთავარია, ავადმყოფი, ავადმყოფი არსება.
კამათს აზრი აღარ ჰქონდა. მთელი სხეულით აკანკალებულმა ბოტქასმა ადამიანების პლანეტაზე დაბრუნებაზე ზრუნვა დაიწყო.

ისინი ცარიელ ბაქანზე იდგნენ და ირგვლივ გაოცებულები იყურებოდნენ. გარშემო ბინდი ჩამოწოლილიყო, შორიდან მომავალი გუგუნის ხმა კი მატარებლის მოახლოებას ამცნობდათ.
– უკაცრავად, ეს ყველაფერი მართლა გადაგვხდა თავს? – მოულოდნელად იკითხა მარჯმა.
ჩარლიმ თავი დაუქნია:
– კარგად მახსოვს.
– ვერავის ვეტყვით, – მაინც არავინ დაგვიჯერებს.
– ნამდვილად არ დაგვიჯერებენ. იტყვიან, რომ ვიგონებთ, ხომ გესმით?
– დიახ, დიახ.
– მისმინეთ, მე მართლა ძალიან ვწუხვარ, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩავარდით. ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო.
– არა უშავს. მესმის.
მარჯი ფეხქვეშ გაფენილ ხის პლათმორმას მისჩერებოდა, მატარებლის ხმა კი სწრაფად ახლოვდებოდა.
– იმის თქმა მინდა, რომ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდით. პირიქითაც, ძალიან ლამაზი ბრძანდებით, უბრალოდ თქმა ვერ გავბედე.
ქალმა გაუღიმა.
– არა უშავს.
– იქნებ ჩემი დაპატიჟებაც მიიღოთ ფინჯან ყავაზე? სიმართლე გითხრათ, მეუღლე ჯერ არ მიცდის.
– მართლა? მშვენიერია. ამ დღეებში ედიც ქალაქიდანაა გასული, ჩემი პატარა ბიჭი კი დედაჩემს სტუმრობს. ცარიელ ბინაში მისვლა არც მე მეხალისება, – განუმარტა ქალმა.
– წავიდეთ მაშინ. ჩვენს თავს გადახდენილ ისტორიაზე ვისაუბროთ.
– სიამოვნებით, – ქალი უკვე კისკისებდა.
მატარებელი სადგურში შევიდა, მაგრამ ქალი და მამაკაცი უკევ სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.
ბარში ყავას რამოდენიმე ჭიქა კოქტეილი დააყოლეს, რის შემდეგაც ჩარლიმ, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეჰფერის, ქალი სახლამდე მიაცილა. მარჯი იმდენად თავაზიანი აღმოჩნდა, რომ მამაკაცი შინ შეიპატიჟა, რამოდენიმე წუთით…
იმავდროულად კოსმოსურ ხომალდზე იმედგაცრუებული ბოტაქსი საკუთრი სიმართლის დამტკიცების ბოლო ცდას მიმართავდა. სანამ კაპიტანი ხომალდს გასაფრენად ამზადებდა, ბოტაქსმა სასწრაფოდ დააყენა ჰოლოგრამული ეკრანი დედამიწელი ნიმუშებისათვის თვალის შესავლებად. მან ჩარლისა და მარჯს ქალის ბინაში მიუსწრო და ფოკუსი გაასწორა. ბოტაქსის ულვაშები აღტაცებისგან გასწორდა, თვალები კი ცისარტყელას ყველა ფერში აბრდღვიალდა.
– კაპიტანო გარმ! კაპიტანო! შეხედეთ, რას აკეთებენ!
მაგრამ ხომალდი უკვე გავიდა დროითი სტასისიდან.

(c) მთარგმელი – ნინო ქურდიანი

. . .
პ.ს. მათ, ვისაც ქართული თარგმანი არ მოსწონს, მოთხრობა შეუძლიათ წაიკითხონ მისამართზე:
http://lib.web-malina.com/getbook.php?bid=435&page=1


Responses

  1. ქართული თარგმანი ჩემი დიდი სისუსტეა. ამას დაკვირვებით წაკითხვა სჭირდება. ყავასთან ერთად. დღის განმავლობაში მოვუბრუნდები.

    • მეუღლემ უკვე დამიწუნა თარგმანი🙂
      რუსული ან ინგლისური (ორიგინალში) წაიკითხე, ნამდვილად ისიამოვნებ🙂

  2. ქინდლის ფორმატში დაიდოს.🙂
    კაი გემოვნება გქონია შენ.🙂

    ეგ მოთხრობა არ წამიკითხავს. აზიმოვი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფანტასტია, თუმცა რომანები უფრო ვიცი და მოთხრობებიდან რობოტის ციკლის მოთხრობები. ეს რაღაც ახალია.

    • მოვძებნი ქინდლის ფორმატში, თუ გინდა🙂
      ინგლისური თუ რუსული?

      არარობოტული მოთხრობებიც მშვენიერი აქვს. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამას: http://lib.ru/FOUNDATION/noch.txt
      მარჯვენა ზედა კუთხეში ჩმოშალე და txt ფორმატში საქინდლედ გამზადებულს გადმოტვირთავ პირდაპირ.

      გემოვნების შექებისათვის დიდი მადლობა🙂
      და საერთოდ, შენი და მოლის სტუმრობა ჩემს ბლოგზე ისე მახარებს, თითქოს სახლში ძვირფასი მეგობრები მწვეოდნენ🙂

  3. ახლა, ბლუმი იტყვის – არაო, მაგრამ საიფაის დამფასებელი ქალთა შორის მაინც ცოტაა…. ფენტეზი კი – თან მოდაშიც შემოვიდა, მაგრამ საიფაი ნაკლებად. იგივე ფილმებიც.

    ბრედბერის მოთხრობები უფრო მიყვარს, აზიმოვის რომანები. ფაუნდეიშენი განსაკუთრებით.
    ისე, ველდი ვთარგმნე ერთხელ🙂

    • გამომიგზავნე თარგმანი, რა!
      პირობას გაძლევ, თრგმნის ხარისხს კრიტიკულად არ შევაფასებ🙂

      ბრედბერი ჩემი სისუსტეა…
      “ცელი” (http://lib.ru/INOFANT/BRADBURY/76-04.txt) წაგიკითხავს? ორი დღე დეპრესიით დავდიოდი

      • კი. ეგენი ქინდლშიც მაქვს🙂
        მარსის ქრონიკები მიყვარს. და ისე ცალკე მოთხობებიდანაც ბევრი. თუმცა, მაგისი დეტექტივიც მომეწონა.

        100 წლის წინ იყო ეგ.🙂
        თუ ოდესმე გადავიტანე ბლოგზე ვნახოთ. მეზარება. აკრეფა ცალკე და ჩასწორება ცალკე.
        პოსტებს ვასწორებ 10-10ჯერ და ეგ მითუმეტეს მაგრად გასასწორებელი მექნება.

      • აკრეფილი და გაელექტრონებული არ არის?
        ისე რედაქტირება მაინცადამაინც არ მანაღვლებს – შინაარსი იკითხებოდეს, რაც მთავარია🙂

      • შემოქმედება და რამე – ეგ ბლოგერობამდე იყო. ბნელი და უკუნი რო იყო იმდროინდელი.
        ბლოგერობა ჩემი ბოლო გაჩერებაა.

        მე მაღელვებს. პერფექციონისტი ვარ.🙂

      • შენ კიდევ ბევრი საინტერესო გაჩერება გექნება, გული მიგრძნობს🙂

  4. აქ რა დისკუსია გამართულა და მე სად ვიყავი…

    ეს მოთხრობა არც მე ვიცოდი, ახლა წავიკითხე და გემრიელადაც ვიცინე. დასაწუნი ამას არაფერი სჭირს, მხოლოდ მცირედი კოსმეტიკაა საჭირო.

    “ცელი” ჩემი ფავორიტი ბრედბერია. “მარსის ქრონიკების” შემდეგ ყველაზე მეტად “ცელი” მომწონს. ფარენჰეიტსაც კი მირჩევნია.

    საი ფაის მართლა იშვიათად კითხულობენ ქალები. ფენტეზი, უმთავრესად, ტოლკინის დამსახურებით, ბევრად პოპულარულია. სამეცნიერო ფანტასტიკას სხვაგვარად დახვეწილი გემოვნება სჭირდება🙂

    აზიმოვს რაც შეეხება, თავის დროზე, რაც კი საჯაროში მოიპოვებოდა, ყველაფერი გადავიკითხე. პოპულარული ფიზიკის და ასტრონომიის ჩათვლით.

    ჰეჰ🙂 რა მაგარია… ქართულ ბლოგზე ფანტასტიკას ვარჩევთ. უიშვიათესი და ფრიად სასიხარულო შემთხვევაა🙂

    • მაიცა, დექტექტივებზე რომ მოვრჩები, მერე ფანტასტ მწერლებზე გადავალ. ერთი-ორი ისეთი უნდა მიმოვიხილო ნაკლებად როა დაპიარებული, არადა, ძაან მაგარია.
      ბრედბერი, აზიმოვი,ჰაინლაინი, შექლი, ლე გუინი… მაგრები არიან, მაგრამ უჩემოდაც ყველამ იცის. რამე უფრო ჩრდილში რომ დგანან ისეთები უნდა ამოვწიო.:)

      • სასიამოვნოა, სამეცნიერო ფანტასტიკის დამფასებლებთან საუბარი🙂
        სულით და გულით ველოდები თქვენს პოსტებს ამ თემატიკაზე🙂

  5. ზუსტად დღეს ვაპირებ ერთ ფანტასტზე დაწერას🙂

    • ჩასაფრებული ველოდები ახალ პოსტს🙂

      თან ხომ ვიცი, როგორ გემრიელად მოაკვარახჭინებ – წაკითხვის აუტანელ სურვილს გაგვიღვიძებ შენი ბლოგის სტუმრებს

  6. ძალიან კარგი თარგმანი იყო. ლიბ.ჯი-ზე რაც წამიკითხია ძაან ბევრ თარგმანს ჯობდა. მოთხრობაც საინტერესო იყო, მადლობა🙂

    • უღრმესი მადლობა🙂
      როგორც არაპროფესიონალი, ყველანაირ კრიტიკას თავმდაბლურად ვიღებ. შექება მით უფრო სასიამოვნოა🙂

  7. იმ დღესვე წავიკითხე და აქამდე ვერ მოვიცალე რომ მოვსულიყავი.

    ჯერ თავად მოთხრობა რა კარგი იყო :დ როგორ ვიხალისე ^^

    კარგი თარგმანია თაბუ, მით უმეტეს არაპროფესიონალისთვის. ვიცი რა ძნელიცაა, მე საერთოდ არ გამომივიდა :დ
    შენის ნებართვით და მთარგმნელის საავტორო უფლებების დაცვით, სხვებსაც წავაკითხებ ^^

    • დიდი მადლობა, სოფი🙂 ვინმემ თუ ისიამოვნა, ე.ი. თავისი საქმე გაუკეთებია და მე ბედნიერი ვარ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: