Posted by: Author | August 1, 2011

10 უცხოური ფილმი, რომლებიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

სათაური ცოტა მყვირალაა, პოსტი კი მხოლოდ ჩემს სუბიეტურ მოსაზრებებს გამოხატავს. იმ 10 ფილმზე მინდა მოგითხოთ, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. თანმიმდევრობა შემთხვევითია და ჩემს პრიორიტეტს არ გამოხატავს.

1. 2001: A Space Odisey, by Stanley Kubrick

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფილმი ფილოსოფიურ ქვაზე. კუბრიკის ფილოსოფიური ქვა გიგანტური მონოლითია, რომელსაც კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ეს არის ფილმი ადამიანური განვითარების ეტაპებზე; იმაზე, რომ თანამედროვე ადამიანმა ამოწურა თვითრეალიზაციის მაქსიმუმი; რომ აუცილებელია ადამიანის რადიკალური ევოლუცია, რათა მანქანურმა ერამ არ მოახდინოს მისი განადგურება. ძნელია ისაუბრო ფილმზე, რომელიც თვითონ სიტყვებზე მეტად ემოციებით გესაუბრება. ფილმს ერთგვარ გროტესკულ შტრიხებს სძენს შტრაუსის მელოდიები.

2. Big Fish, by Tim Burton

ნახევრად–სიურეალისტური ფილმი ადამიანზე, რომელსაც ვერ უგებდა შვილი და აღმერთებდა მეუღლე; რომელმაც განვლო გრძელი და საოცრად საინტერესო ცხოვრება და რომელიც სიცოცხლის ბოლოს იმ დიდ თევზად იქცა, ვისითაც იწყებდა საკუთარი საოცარი თავგადასავლის მოყოლას. საოცრად თბილი და ფერადი ფილმი ძლიერი სამსახიობო ანსამბლით: ევან მაკგრეგორი, ჯესიკა ლანჟი, ჰელენა ბონემ კარტერი, მერიონ კოტილარდი,  დენი დე ვიტო.

3. Underground, by Emir Kusturica

50–იანი წლების იუგოსლავია. ტიტოს დიქტატურა. ომი, სადაც ერთეულები ხელს ითბობენ უმცირესობის ხარჯზე. და მერე რა მოხდა, თუკი ამ უმცირესობაში საკუთარი ძმა და მისი ოჯახია. ამ ფილმში არის სიყვარულიც, ღალატიც, ანგარებაც, სასოწარკვეთაც და იმედიც.

ბრეგოვიჩის მუსიკის თანხლებით კუსტურიცამ მისთვის დამახასიათებელი ქაოსითა და სიურეალიზმით გადმოსცა გრძნობათა კასკადი. განსაკუთრებით ემოციურია ფინალური აკორდები.

ფილმი 1995 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს ლაურეატია.

4. Fountain, by Darren Aronofsky

500 წლიანი ინტერვალით მცხოვრები ადამიანები, რომელთაც ერთი ტკივილი სტივათ. დედოფალზე შეყვარებული ესპანელი კონკისტადორი, ცოლის დაკარგვის ტკივილს შეუგუებელი თანამედროვე ექიმი და მომავლის მისიონერი – სიცოცხლის ხის ძიებაში ჩართული სამი ადამიანის ისტორია, მოთხრობილი პარალელურ რეჟიმში. კიდევე ერთი must see-ა, ჩემი აზრით.

5. Stalker, by Andrey Tarkovsy

პირქუში ფილმი ადამიანთა ყველაზე ინტიმურ სურვილებზე – ისეთზე, საკუთარ თავშიც რომ გვიჭირს ამოცნობა. სტალკერი ადამიანია, რომელიც სხვებს სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში ასე ნანატრი ოთახისაკენ მიუძღვება. სამი ადამიანის სახიფათო მოგზაურება მათ პიროვნებას ფარდას ხდის.

მოემზადეთ ჭეშმარიტად მძიმე სურათისათვის.

6. Dogville, by Lars von Trier

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ადამიანთა ჭეშმარიტ სახეზე მოგვითხობს. ფილმის პირველ ნაწილში ადამიანთა მოდგმისადმი გაჩენილ სიმპატიას ფილმის ბოლოს რეჟისორი ბოლომდე გვიცამტვერებს. თან იმასაც გვიჩვენებს, საზოგადოების მანკიერება როგორ აბოროტებს სიკეთისაენ მოწოდებულ ერთეულებს.

ფილმის ერთ–ერთი ღირსება მისი გამოსახვის გზაა: მინიმალისტური თეატრალური დეკორაციებით რეჟისორი ცდილობს მაყურებელთა ყურადღება მიმართოს ყველაზე მთავარისაკენ. და ერთი შეხედვით არაბუნებრივი გარემოს მიუხედავად ფილმის ყურებისას მთლიანად ერთვები მასში და მთავარ გმირთან ერთად განიცდი მისი ცხოვრების ტრაგედიას.

7. 99 francs, by Jan Kounen

ამ ფილმს შარშან კინოთეატრში ვუყურე ტოპ–101 ფილმის ფარგლებში. გულახდილად გითხრათ, პირველი 15 წუთის განმავლობაში სეანსის დატოვებას ვფიქრობდი… აი, კინოჩვენების დასასრულს კი ღმერთს მადლობას ვწირავდი, ამ შედევრის ნახვის საშუალება რომ მომცა!

ფილმი თანამედროვე რეკლამის სამყაროზეა… მე ვიტყოდი, ზოგადად წარმატებულ ადამიანებზე, მატერიალური კეთილდღეობის გამო ყველაფერი რომ აქვთ მოყირჭებული და მრავალფეროვნებისთვის “პლატონურ” სიყვარულსაც რომ უსინჯავენ გემოს… რეკლამა კი კარგი მეთოდია მოპოვებული ფსევდო–ძალაუფლების მხატვრული ჰიპერბოლიზებისათვის. ფილმი არის ძალიან კარგი წიგნის ძალიან კარგი ერანიზაცია. და რეჟისორის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საკუთარი შტრიხით და ადამიანთა ხშირად ამაზრზენი თავისუფლების ჩვენებით ფილმს პიკანტურობა შეჰმატა. დამატებით თუ დაინტერესდებით ფილმისა და წიგნის ურთიერთშედარება ამ ბლოგზეა განხილული: http://www.lasharela.com/2011/05/99-8.html

8. Talk to Her, by Pedro Almadovar

ეს ფილმი ძალიან კარგად დაახასიათა ტელეკომპანია იმედმა ერთი ფრაზით: “ალმადოვარმა კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული ქალებს”. ფილმის ყურებისას ხვდები, რომ აბსოლუტურად ყველა ქალი: ერთი შეხედვით ყველაზე ულამაზო მამაკაცური არსება და კომაში ჩავარდნილი უსიცოცხლო ახალგაზრდა, თუკი ისინი ქალები არიან, არიან ლამაზები. ქალი არის თაყვანისცემის ობიექტი და ეს ბუნებრივია.

ჩემგან მადლობა ალმადოვარს ამ ლამაზი, სევდიანი და მაინც იმედიანი ფილმისათვის, რომელსაც ასე უხდება კაეტანო ველოსოს ბოსა ნოვა.

9. The Decalogue, by Krzysztof Kieslowski

დეკალოგი ათ მცნებას ნიშნავს – პოლონელმა რეჟისორმა ღვთის ათი მცნება ათ ნახევარსაათიან ფილმში ჩატია, თანაც როგორ ჩატია! ათი შედევრი, რომლებიც სწორად ცხოვრებას გვასწავლიან პირდაპირი დიდაქტიკის გარეშე. გსურთ ამ ფილმის ყურება? მოემზადეთ არა მძიმე, არამედ ცოტა ფილოსოფიური სანახაობისა და ანალიზისათვის…

10. 12, by Nikita Mikhalkov

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ჰოლივუდში გადაიღეს შესანიშნავი დეტექტიური ხასიათის ფილმი “თორმეტი განრისხებული მამაკაცი” (მთ. როლში ჰენრი ფონდა). მას შემდეგ ისევ ჰოლივუდში გადაიღეს მისი რიმეიქი (როლში ჯეკ ლემონი); ხუთიოდე წლის წინ რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ დადგა ამავე სახელწოდების სპექტაკლი. მაგრამ, ჩემი პირადი გემოვნებით, ყველა ამ ვერსიაზე (ორიგინალზეც კი) უფრო ღრმა და ძარღვებში სისხლის გამყინავი გამოდგა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ნიკიტა მიხალკოვის მიერგადაღებული ვერსია, სახელწოდებით “თორმეტი”.

ფილმი უფრო ფილოსოფიური ან პოლიტიკური გამოდგა, ვიდრე დეტექტიური; მეტამორფოზები – უფრო სახასიათო; დიალოგები – უფრო დაძაბული. მოკლედ, მე მომეწონა.

ვერ ვამტკიცებ, რომ პირველი 8 ფილმივით must see-ა–თქო, თუმცა რაკი ჩემი პირადი ბლოგია და პირადი აზრების გამოთქმაში შეზღუდული არ ვარ, გირჩევდით.

სამწუხაროდ, ბევრი ძლიერი და საინტერესო ფილმი სიის მიღმა დამრჩა – ზოგი მათგანი ამ ათეულში ჩამოთვლილ რეჟისორთაგან ერთ–ერთს ეკუთვნის, ზოგიც საკაცობრიო მნიშვნელობის აზრის მატარებელი არ იყო. იქნებ, მომავალში მათზეც დავწერო.


Responses

  1. ეს ბოლო 12 განრისხებული მამაკაცი , კი მაგარი ფილმია მაგრამ , ჩემი აზრით 1957 წელს გადაღებული პირველი ვარიანტი ჯობს ამ თანამედროვეს, რამდენიმე ფილმი არვიცოდი , ვნახავ და აუცილებლად შეგიფასებ სრულ სიას🙂

    • გამარჯობა. კეთილი იყოს შენი პოსტი ჩემს ბლოგზე🙂
      1957 წელს გადაჭებულ პირველი “12 განრისხებული მამაკაცის მნშვნელობას” არც მე ვაკნინებ. უდაოდ დიდი ფილმია. ეს სია მხოლოდ ჩემი პირადი იმპრესიაა – ჩემს გულთან მიხალკოვის “12” უფრო მოვიდა, ესაა და ეს🙂
      თუ მოახერხებ და სხვა ფილმებს ნახავ, ალბათ, არ ინანებ – ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია და ასე მინდა🙂
      წარმატებები!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: