Posted by: Author | June 6, 2009

Cats

jellicle eyes

შემდეგი მიუზიკლი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის ისევ ვებერის შემოქმედების ბრწყინვალე ნაყოფი. მიუზიკლს ჰქვია “კატები”.

ისტორიული ექსკურსი:

მიუზიკლი, რომელმაც მოხსნა ყველა არნახული და გონებისთვის მიუღწეველი რეკორდები. მიუზიკლი, რომელიც ლონდონის ვესტ-ენდის ახალ თეატრსა და ბროდვეიზე სრული ანშლაგებით მიდიოდა. წარმოდგენა პირველად დაიდგა 1981 წლის 11 მაისს ვესტ-ენდში, ლონდონის ახალ თეატრში (New London Theatre) და დაიხურა 2002 წლის 11 მაისს. ბროდვეიზე კი დაიდგა 1982 წლის 7 ოქტომბერს და გადიოდა 2000 წლის 10 სექტემბრამდე. მთლიანობაში კი დაიდგა დაახლოებით 40-ჯერ 20 ენაზე 30-ზე მეტ ქვეყანაში; ნახა დაახლოებით 50-მა მილიონმა ადამიანმა და საკასო შემოსავლებმა შეადგინა 2.2 მილიარდი დოლარი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო – ლოურენს ოლივერის პრემია, გაზეთ “ივნინგ სტანდარტის” პრემია ნომინაციაში საუკეთესო მიუზიკლი, 7 პრემია ტონი, მოლიერის ფრანგული პრემია, დორა მეივორ მურის სახელობის 7 კანადური ჯილდო და კიდევ სხვადასხვა 7 ჯილდო იაპონიაში. ლონდონური და ბროდვეის დადგმების ჩანაწერებმა მიიღეს გრემი.

Victoria2მიუზიკლისათვის მსახიობების (რომლებიც ამავდროულად კარგი მომღერლები და მოცეკვავეები უნდა ყოფილიყვნენ) შერჩევა კარგა ხანს მიმდინარეობდა. შედეგი სახეზეა: მოცეკვავეთა მიხვრა-მოხვრა იმდენად პლასტიკურია, მათში ადამიანების ამოცნობა უფრო ძნელია, ვიდრე კატებისა. ქორეოგრაფია, რეჟისურა, საგრიმიორო ხელოვნება მოწოდების სიმაღლეზეა. ეს ყველაფერი ციფრებში რომ გამოვხატოთ: “კატების” გარდერობი შედგება 450 კოსტუმისაგან, რომლებიც შეკერილია ხელით ძირითადად ლაიკრის გამყენებით; გამოიყენება დაახლოებით 100 პარიკი – ასევე ხელით ნამუშევარი; სცენის დეკორაცია შედგება 665 ერთეული ნივთისაგან; წელიწადში მოიხმარენ 72 შეკვრა თვალის ჩრდილებს, რუჟებს, პომედებსა და ტუშებს; კვირაში საჭიროა 5 წყვილი ფეხსამლის შეკვეთა (რაც ჯამში 5460 წყვილია!)

საფუძვლები:

მიუზიკლს საფუძვლად დაედო ნობელიანტი მწერლის – ტომას სტერნზ ელიოტის საბავშვო ლექსების კრებული “მოხუცი ოპუსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (Old Possum’s Book of Practical Cats). კრებული წარმოდგენს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლექსების ერთობლიობას სხვადასხვა ხასიათისა და ზნის კატებზე. ამ ლექსებზე ცალკეული არიების შექმნა არ იყო იმდენად რთული საქმე, რამდენადაც შემდგომში მათი ერთ სიუჟეტურ ხაზში შეკვრა.

cats_1.jpg

კატებს, რომელთა შესახებაც მოთხრობილია სპექტაკლსა და ლექსების კრებულში, ჰქვიათ ჯელიქალ კატები (Jellicle Cats). ტყუილად არ დაძებნოთ ლექსიკონებში ან გუგლში ეს სახელი, რადგან იგი ელიოტის, უფრო სწორად მისი შვილის მოფიქრებულია. ასე ეძახდნენ ისინი პირად საუბრებში კატებსა და ძაღლებს: Jellicle Cats and Policlle Dogs. თუმცა ლექსებში განმარტებულია, რომ ამ თემის კატები არიან უფრო პატარები: Jellicle Cats are black and white, Jellicle Cats are rather small (არიიდან The Jellicle Ball).

მიუზიკლი – როგორც მელოდიები, ასევე ლიბრეტო – თითქმის მთლიანად იყო დაწერილი, მაგრამ სიუჟეტის შეკვრა კვლავ პრობლემად რჩებოდა. ამ საკითხში გადამწყვეტი როლი ითამაშა არიამ Memories, რომლის ლიბრეტოც აიგო ლექსზე, რომელსაც შემთხვევით გადააწყდნენ ელიოტის ჩანაწერებში.  შედეგად არია გამოვიდა არა მხოლოდ მუზიკლის სიუჟეტის კულმინაციური მომენტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიმღერა მუზიკლიდან და პოპულარული მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა უმრავლესობა თქვენგანს მოსმენილი ექნება ბარბრა სტრეიზანდის შესრულებით, უბრალოდ ჩემსავით არ გეცოდინებოდათ, თუკი იგი ნაწყვეტია მიუზიკლიდან და არა დამოუკიდებელი მელოდია. აქ წარმოგიდგენთ ამ მელოდიას ცნობილი ბრიტანელი პრიმადონას ელაინ პეიჯის შესრულებით, რომელიც თამაშობდა გრიზაბელას პარტიას ლონდონურ დადგმაში:

შინაარსი:

სცენა გაფორმებულია უჩვეულოდ და წარმოადგენს უზარმაზარ ნაგავსაყრელს ვარსკვლავიანი ცის ფონზე. სცენაზე დაინახავთ თუნუქის ქილებს, გაზეთის ნაგლეჯებს, ძველ ფეხსაცმელს, ლითონის ნატეხებს, მანქანის საბურავს, კვერცხის ნაჭუჭებს, ძველ ყუთებს და ეს ყველაფერი წარმოდგენილია გიგანტურ ზომებში. გიგანტური ჩვენთვის, ადამიანებისათვის, თორემ იმ მომცრო კატებისთვის, ვინც ამ ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ, ეს ჩვეულებრივი ზომებია. სპექტაკლის დაწყებამდე და ანტრაქტის დროსაც სცენა ღიაა მაყურებლებისათვის.

ბნელდება დარბაზში. ისმის ხმები, რომლებიც ძალიან წააგავს წვიმის წვეთების ხმაურს სახლის სახურავებზე. ხმები თანდათან გადადის მელოდიაში, რაც შეადგენს კიდეც მიუზიკლის უვერტიურას. სცენაზე ერთი-მეორეს მიყოლებით ჩნდებიან სხვადასხვა ფერისა და ჯიშის კატები. კატები თავს იყრიან სცენის შუაში და იწყებენ სიმღერას ჯელიქალ კატების შესახებ (Jellicle Songs For Jellicle Cats). სიმღერა ასევე ნელნელა გადაიზრდება ერთიან კატისებურ ფერხულში:

ამ სცენის შემდეგ იხსნება პირველი კვანძი – კატები გვიყვებიან საკუთარი თავის შესახებ. რომ მათ აქვთ სამი სხვადასხვა სახელი: ერთი, რომლითაც მიმართავენ ერთმანეთს; მეორე, მიღწევებისა და დამსახურებების მიხედვით; ხოლო მესამე, ყველაზე პირადული და ინტიმური, რომელსაც არავის არ უზიარებენ და იყენებენ მედიტაცის დროს.

თანდათან გვეცნობიან კატები: ჯერ ჯენიენიდოთი, შემდეგ რამ თამ თაგერი, გრიზაბელა, ბასტოფერ ჯონსი, დაუშორებელი წყვილი მანგოჯერი და რამფელთიზა. აქ ახსენებენ პირველად მაკავიტის – კატას, რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას. საინტერესოა თითოეული ამ კატის ხასიათი, მაგრამ აქ მათი აღწერით თავს არ შეგაწყენთ – სჯობს თქვენი თვალით ნახოთ. ყურადღებას შევაჩერებ მხოლოდ გრიზაბელაზე – კატაზე, რომელიც შემდგომშიც მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას; კატა, რომელიც ერთ დროს თემის ლამაზმანი იყო (ამჟამად ასეთად გვევლინება თეთრი ფისო – ვიქტორია) და დღეისათვის უკვე მოხუცებული გარშემომყოფთა ზიზღით სარგებლობს მხოლოდ.

მოქმედებაში შემოდის მოხუცი ბელადი (Old Deuteronomy) – მხცოვანი და ბრძენი კატა, თემის ლიდერი, რომელსაც უკვე მრავალი სიცოცხლით უცხოვრია (გაგიგიათ ალბათ კატების 9 სიცოცხლის შესახებ – ეს იდეა ლაიტმოტივად გასდევს სპექტაკლის ფაბულას) და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს. კატები ინტერესითა და გარკევული მლიქვნელობითაც ეკიდებიან თემის ბელადს, რომელიმაც ამ საღამოს უნდა დაასახელოს ის რჩეული, ვისაც თავიდან დაბადების ბედნიერება ელის. ეს სწორეს ის საღამოა, როდესაც წელიწადში ერთხელ იმართება კატების ჯელიქალ წვეულება (Jeliclle ball).

ცეკვების დაწყებამდე კატები იგერიებენ მაკავიტის, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გვიყვებიან ჯელიქალ კატების შესახებ და იწყებენ ულამაზეს ცეკვას:

ამ ცეკვის შუაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უმანკო (ალეგორია – მისი თეთრი შეფერილობა) ვიქტორიას ეროტიული ცეკვა, რომელიც თავის მხრივ ალბათ მისი უმანკოების დაკარგვის ალეგორიად უნდა მივიჩნიოთ🙂

ცეკვების შემდეგ ასპარეზზე ისევ გრიზაბელა გამოჩნდება, რომელიც ცდილობს ძველებურად გაიპრანჭოს მაგრამ მას კვლავ ზურგს აქცევენ თანამოძმენი.

სიუჟეტის შემდეგ ეტაპებზე ვეცნობით ახალ მოქმედ გმირებს: თეატრალურ კატა გუსს (ჩემი აზრით, საკმაოდ მოსაწყენი არიაა) და რკინიგზის კატა სქიმბლეშენქსს. ამ გმირების გაცნობის შემდეგ კატებს ახალი საფრთხე ელით – მაკავიტის თავდასმა. ყაჩაღი მისტიური კატა თემს მოულოდნელად ესხმის თავს და თემის ბელადს იტაცებს (გირჩევთ, უყუროთ ამ ეპიზოდს – დიდ ესთეტიური სიამოვნებას მიიღებთ ასეთი პლასტიკური და დახვეწილი ცეკვის ყურებით). კატები ერთბაშად სასოწარკვეთას მიეცემიან, მაგრამ ახსენდებათ ჯადოსანი მისტერ მისტოფელი, რომლის დახმარებითაც იბრუნებენ ბელადს:

ჩანართის სახით: ეს ჩემი საყავრელი მომენტია მიუზიკლში – პოზიტიური მელოდია და შთამბეჭდავი ცეკვა.

ვაგრძელებ: ის ისაა, მოხუმა ბელადმა უნდა გამოაცხადოს თავისი რჩეული, რომ სცენაზე ისევ გრიზაბელა გვევლინება. დაჩაჩანაკებული, გაქუცული კატა ლამაზი სიმღერით იხსენებს თავის წარსულს, როდესაც ლამაზი და ბედნიერი იყო (იხ. პირველი ვიდეო ამ სტატიაში – Memories). სიმღერა გადამწყვეტი აღმოჩნდა – მოხუცმა ბელადმა არჩევანი ამ საწყალ კატაზე შეაჩერა.

გრიზაბელა უკვე აღარ არის თემისაგან გარიყული. პირიქით – ყველა ცდილობს მასთან მივიდეს, თავისი პატივისცემა გამოხატოს. პირველი მათგანი, ვინც გრიზებალას ხელი გაუწოდა, ვიქტორია აღმოჩნდა. როგორც ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ამოვიკითხე, სწორედ ვიქტორიამ უნდა იღოს მუცლად გრიზაბელა რეინკარნაციის შემდეგ (თუმცა ეს ვერსია ნათლად არ იკვეთება სპექტაკლიდან).

სპექტაკლში ძალიან ლამაზადაა დადგმული გრიზაბელას ცაში გამგზავრების სცენა: მოხუცი ბელადი და მისი რჩეული სხდებიან მანქანის საბურავში, რომელიც მიწიდან ნელა აიჭრება ცისკენ. მიწაზე დაშვებულ საბურავზე უკვე მხოლოდ ბელადს ვხედავთ:

მიუზიკლი მთავრდება სიტყვებით, რომლითაც კატების ბელადი მოგვმართავს:

“You’ve learned enough to take the view

That cats are very much like you”

დასასრული

რეკომენდაციები:

1. The Old Gumbie Cat

2. Old Deuteronomy

3. The Jellicle Ball

4. Macavity: The Mystery Cat

5. Mr Mistoffolees

6. Memory

ლინქი აუდიო ვერსიაზე:

http://www.allshares.ge/download.php?id=83C5E14021

გრიზაბელას პარტიას ასრულებს ელაინ პეიჯი. აუდიოტრეკები გამზადებულია iPod-ისა და  iTunes-ის მომხმარებლებისათვის: მელოდიები დასათაურებელული და დანომრილია, მითითებულია კომპოზიტორი და ალბომის სახელწოდება, დადებული აქვს album cover-ები და ტექსტები.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: