პაოლო კოელიოს ჩემს მიერ წაკითხული ერთადერთი მოთხრობიდან მოყოლებული ცნება „ბესტსელერი“-ს მიმართ ისეთი „კრძალვა“ მაქვს, რამოდენიმე მეტრიანი დისტანციით შევყურებ ხოლმე. ასე დამემართა სტიგ ლარსონის ბესტსელერის – „გოგონა დრაკონის ტატუთი“-ს დანახვაზეც. წავიკითხე-რა ანოტაცია: მსოფლიო ბესტსელერია, ტროლოგია „მილენიუმი“-ს პირველი წიგნიო, – წიგნი დენნაკრავივით დავაბრუნე დახლზე.

შემდეგ მოლი ბლუმის ბლოგზე გადავაწყდი წიგნის მიმოხილვას და ჩემი ბავშვობის საყვარელი გმირების – კალე ბლუმკვისტისა და პეპი გრძელიწინდას – ხსენებამ წიგნის ყიდვაც გადამაწყვეტინა. ვინანე! შეიძლება, მეც მოლი ბლუმივით ხშირად რომ ვკითხულობდე ხარისხიან ლიტერატურას, ჩემს გონებასაც მიეღო დასასვენებლად ასეთი რომანი. მაგრამ სამსახურსა და ბავშვის მოვლას შორის მოპარული მწირი თავისუფალი დრო ძალიან დამენანა ამ წიგნისათვის. მაშ, რაღატომ წაიკითხე – იკითხავთ თქვენ და მართალიც იქნებით. ერთობ მარტივი მიზეზის გამო – წიგნის მესამედი იმის იმედით გავლიე, იქნებ რამე ღირებულს გადავწყდე-თქო, შემდეგ კი, ბანალურად, დეტექტივის სიუჟეტის განვითარებამ დამაინტერესა
წიგნის სასარგებლოდ რამოდენიმე ფაქტი მაინც უნდა აღვნიშნო. პირველი ის, რომ წიგნი ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და სწრაფად, ადვილად იკითხება; მეორე, ავტორი ანტიძალადობრივ პროპაგანდას ეწევა. შესაძლოა, ესეც წიგნის „კარგად გაყიდვისკენ“ მიმართული ფანდია, და ვერც ასეთი რომანი გადაუფასებს რომელიმე მოძალადეს ღირებულებათა სისტემას, მაგრამ ფაქტი მაინც დასაფასებელია; და ბოლოს, წიგნის მსუბუქად სევდიანი ფინალი ოდნავ აფერმკრთალებს თხრობის სიყვითლეს.
ავტორის, როგორც კარგი მარკეტოლოგის, სასარგებლოდაც უნდა ითქვას რამოდენიმე სიტყვა: ლარსონმა გაითვალისწინა ასტრიდ ლინდგრენის გმირებისადმი ხალხის სიყვარული და კალე ბლუმკვისტი თავისი რომანი მთავარი მოქმედი გმირის პროტოტიპად აიღო. მეტიც – გვარიც კი არ შეუცვალა. კარგი გათვლაა, ვერაფერს იტყვი. წიგნში „ფროდაქთ ფლეისმენთიც“ უხვადაა – ასე განსაჯეთ, ეფლის აიბუქისა თუ ფაუერბუქის, გუგული დეიდას და კოკა-კოლას შეფარული რეკლამა წიგნის ბოლომდე იკითხება. და, რაღა თქმა უნდა, სექსუალური სცენები. თან ძალიან ბევრი. აბა როგორ გინდათ – თანამედროვე წიგნი საუკეთეოდ გაიყიდოს (ბესტსელერი – ინგ. კარგად გაყიდვადი) და მასში სექსი არ იყოს?! სექსი ყველა კონტექსტში: ვნებიანი და სწრაფი მაგიდაზე, საწოლში მისიონერული, ქალი ზემოდან, ორალური, ანალური; მოხსენიებული სექსად, ჟიმაობად და უფრო უცენზურო ვერსიებად. მოკლედ, კამასუტრას ტოლს არ უდებს.
წინა აბზაციდან ალბათ უკვე მიხვდით, რომ წიგნს 18+ კატეგორიას მივაკუთვნებდი, ოღონდ 18 წელზე ზემოთ არაეკონომიკური განათლების ხალხისათვის. ეკონომისტს ყურში ძალიან მეხამუშებოდა, თუ როგორ კონტექსტში და ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა „ეკონომიკაში გათვითცნობიერებული“ ჟურნალისტი კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და ფინანსურ წარმოებულებს. იმაზე არც ვისაუბრებ, თუ რამდენად “არგუმენტირებულად” ისაუბრა ამავე ჟურნალისტმა საფონდო ბირჟების მნიშვნელობაზე.
ცალკე განხილვის საგანია, თუ რომელ ჟანრს განეკუთვნება წიგნი. აქ არის ყველაფერი: დეტექტივი, რომანტიკა, ეროტიკა, სათავგადასავლო, მძაფრსიუჯეტიანი, სოციალური, აფიორა, ეკონომიკური თაღლითობა, ტექნოლოგიური ქურდობა, განგსტერი… სულო და გულო. ერთი პრობლემაა მხოლოდ – ამდენი განსხვავებული ჟანრის შერწყმა–გადასვლა ცოტა (ან ცოტაზე მეტად) ხელოვნური მეჩვენა.
თუ მკითხველი მომიტევებს, ერთ პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. როცა ბავშვური ასაკიდან ცოტა გამოვედი და საბავშვოდან მოზრდილთა ლიტერატურაზე გადავერთე, ერთი რამ შევნიშნე: საბავშვო ლიტერატურაში ყოველთვის მკვეთრად იყო გამიჯნული დადებითი და უარყოფითი გმირები, კეთილი და ბოროტი ადამიანები. ავტორი ყოველთვის მკაფიოდ მიანიშნებდა, რომელი გმირისათვის უნდა თანაგეგრძნო და რომელი შეგზიზღებოდა; მოზრდილთა ლიტერატურაში ეს სხვაობა თანდათან გაბაცდა – კეთილშობილ გმირებს ნაკლი აღმოაჩნდათ, უარყოფითებს – ხასიათის დადებითი თვისებები. მეტიც, ხშირად ან საერთოდ არ იყო გამოჯნული გმირები დადებით და უარყოფით პერსონაჟებად, ან ავტორი არ აკეთებდა მინიშნებას და მკითხველს უტოვებდა არჩევანის, დაფიქრების, ამოცნობის უფლებას. სტიგ ლარსონმა, რომელიც წიგნს ზრდასრული ადამიანებისათვის წერდა, გადაწყვიტა ჩვენთვის საქმე გაეადვილებინდა, ზედმეტი საფიქრალი თავიდან აერიდებინა და წიგნის გმირები დადებით და უარყოფით პერსონაჟებად გამოძერწა. აქ ან ზედმიწევნით კეთილშობილ ადამიანებს შეხვდებით, ან „ბინძურ არამზადებს“, „ნაძირლებსა“ და „ბებერ ღორებს“. ეს კეთილშობილი გმირები ძალიან ლამაზები, ტანადები და, ამასთან, სექს-გიგანტები არიან საწოლში.
მიუხედავად რთული და თითქმის ჩიხში შეყვანილი სიუჟეტისა, რა გასაკვირია და, მთავარი (და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ზედმიწევნით კეთილშობილი) გმირი წიგნის ბოლოს ყველა პრობლემას გადალახავს – თითქმის 40 წლის წინანდელ ჩახლართულ საქმეს გახსნის, სერიულ მკვლელს გააუვნებელყოფს, თაღლით მაგნატს ბეჭებზე დასცემს, საყვარელ ქალებს შეურიგდება…. И жили они долго и счастливо!
პოსტის ბოლოსთვის ტკბილი ლუკმა მოვიტოვე. თავისთავად რომანის დეტექტიური ხაზი უინტერესო არაა – თუმცა წიგნი სხვა მხატვრულ ღირებულებებს, ჩემი პირადი მოკრძალებული აზრით, მოკლებულია. ჩემი აზრის დასადასტურებლად ერთი პატარა დიალოგის ციტირებას მოვახდენ წიგნიდან, რომელიც მე “რუსთავი-2″-ის მიერ დუბლირებულ საპნის ოპერას მაგონებს:
„– შენი ბოზი სახლში არ არის-მეთქი.
ბლუმკვისტი ისე ახლოს მივიდა მასთან, რომ ლამის ცხვირით ცხვირზე შეეხო.
– საკუთარ ქალიშვილზე ამას როგორ ამბობ, შე ბებერო ნაბიჭვარო!“ (გვ.268)
პ.ს. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ წიგნის წაკითხვას, შემიძლია, ჩემი ეგზემპლარი გისახსოვროთ
ყვითელზე ვერ დაგეთანხმებოდი… მე მაგ ფერი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს = მიყვარს კიდეც. მაგრამ რა გაგებითაც შენ უძახი ყვითელს = ბულვარულ რომანს – მაგ ამბავში არ დაგეთანხმები.
მეც მეხამუშა, მარა სხვა მიზეზით. ლარსონი დამწვარი მემარცხენე იყო და მთელი ცხოვრება შვედ ოლიგარქებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფოსა და წამყვანი ბიზნესის გარიგებებთან ბრძოლას შეალია და ხშირად ეძებდა კატას იქ, სადაც ის არ იყო. ზოგჯერ პოულობდა კიდეც.
და დანაწილებაშიც ვერ დაგეთანხმები.
თუმცა ამ წიგნშიც ასეა – თეთრი/შავი როგორც ზრაპრებში მანდ არაა.
ჩემი გემოვნებით.
შენ დანარჩენი 2 ტომის წამკითხავი აღარ ხარ, თორემ თავად დარწმუნდებოდი.
არც კალეა ფრთიანი ანგელოზი და მითუფრო ხომ სალანდერი…
ნუ ერიკა ბერგერი კაია.
By: Lord Vader on October 21, 2011
at 2:13 am
კარგია, რომ არ მეთანხმები
სულაც არაა აუცილებელი, რომ ორ ადამიანს ერთნაირი წარმოდგენა ჰქონდეს ერთსადაიმავე საგანზე. არც კომპეტენტურ აზრზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ წიგნის “სიყვითლე” მისი მხოლოდ ჩემეული აღქმაა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ.
დანარჩენი ტომების წამკითხავიც, დიდი ალბათობით, არ ვარ
თუმცა ავტორის ცალსახა დადებითი დამოკიდებულება მიქაელისა და სალანდერისადმი ჩემთვის თვალშისაცემი იყო. სალანდერის უცნაურობა, ბილწსიტყვაობა, თავისუფალი ზნე, თავისუფალი ჩაცმულობა მხოლოდ შირმაა დადებითი პერსონაჟის შესაფუთად. რეალური ნაკლი ამ გმირებს არ ჰქონდათ. ჩემი გადმოსახედიდან ასეა, თუმცა მე მე ვარ და სუბიექტური აღქმა გამაჩნია რომანისადმი.
შენ კი დიდი მადლობა შენი განსხვავებული აზრის ჩემს ბლოგზე დატოვებისათვის. ყოველთვის ძალიან მიხარია შენი გამოჩენა
By: Author on October 21, 2011
at 2:26 pm
ლოლ…
დავიბენი ახლა.
მე ტაბუნიას დაწერილი მეგონა და გესტპოსტია თუ რეინკარნაცია განიცადა?
არადა რა კაი ავატარი ქონდა
ეს ისე ბაზივეი.
მოლი ბლუმი
მაშინ სულ ნუ მთარგმნითო.
შენ გაგონილი გექნება, რა შოკი გამოიწვია ბარბიუსის გამოქვეყნებას საბჭოთა კავშირში. იქ “უზრდელური სიტყვები” აღმოაჩინა საბჭოთა მკითხველმა და შეზრწუნდა.
ბარბიუსი კომუნისტი იყო, ასე რომ მისი გამოცემა სსრკ-ში აუცილებელი. ჰოდა ცენზურაზე კი არ დათანხმდა და დარჩა როგორც ორიგინალში ქონდა.
ასე უთქვამს ბარბიუსს მთარგმნელებისთვის – აბა ჯარისკაცი აკოპში როა და ბომბები სკდება – ასე რომ ილაპარაკოს “გეთაყვა, ეს რა დავიდარაბაში მოვხვდი…” ეგ უფრო კარგი იქნებაო?
ჰოდა სალანდერის საქმეც ეგრეა რა.
By: Lord Vader on October 21, 2011
at 3:00 pm
თარგმანზე გეთანხმები. და ამიტომაც მეხამუშა “ბებერო ნაბიჭვარო” ტიპის გამოთქმები
“მზისა” და “რუსთავი 2″-ის მიერ გახმოვანებულ ფილმებს მაგონებს, ჩვეულებრივ ქართულ დიალოგს რომ არ ჰგავს.
თუმცა ისევ ვიმეორებ – ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა. შეიძლება მცდარია, ნამდვილად ძალიან სუბიექტური. სხვანაირად არ შემიძლია
By: Author on October 22, 2011
at 7:23 pm
უარყოფითი რეცენზია თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის კარგი, რომ გემრიელ დისკუსიას გაგაჩაღებინებს…
ლორდი ლარსონის დიდი მცოდნე და ექსპერტია, ჩემზე ათასჯერ უკეთ ესმის რაღაცები, მაგრამ ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი.
სლენგი და ნატურალიზმი არ მაღიზიანებს, თუ ყალბი და ხელოვნური არ არის. არც ამ წიგნში გამაღიზიანა.
დადებით და უარყოფით გმირებს რაც შეეხება – რა თქმა უნდა, “მარადისობის კანონის” პერსონაჟთა პალიტრა ვერ არის, მაგრამ არც ასე შავ-თეთრადაა დაყოფილი. მინუსები კალესაც აქვს, ლისბეტსაც, ჰენრიკ ვანგერსაც და მკვლელი, სანამ ამოვიცნობდი, ღრმად სიმპატიური ტიპი იყო.
და არც ის მგონია, რომ პირველი ნაწილი ჰეპიენდით დამთავრდა. უფრო პირიქით.
By: მოლი ბლუმი on October 21, 2011
at 2:29 pm
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან არ მიყვარს დისკუსია
გამოთქმულ საწინააღმედგო აზრს თუ არ ვიზიარებ, შეფასებას მაინც ვუკეთებ, რამმდენად ვიღებ და მესმის იგი.
ჩემთვის შენი აზრი მისაღებია, გასაგებია. იმდენად გასაგებია, რომ სიამოვნებით წავიკითხე, ქვეცნობიერი პროტესტის გრძნობაც კი არ გამჩენია
ჰეფი ენდს რაც შეეხება – დასანანი უფრო ლისბეთის და მიქაელის ერთდ ყოფნა იქნებოდა. შენს ბლოგზე “ტიპი მეზობელი საფლავიდან” წიგნის რეცენზიის კომენტარებში გკონთად პატარა დისპუტი მსგავსი და განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრებაზე. მე შენს პოზიციას ვიზიარებ – ძირეულად, ფასეულობებით, ცხოვრების წესით განსხვავებული ადამიანები ერთად დიდხანს ვერ იქნებიან. ამიტომ, ჩემეული აღქმით, ეს დაშორება არათუ ტრაგედია არაა, არამედ უფრო დიდი ტრაგედიის დროულად არიდებაა. ასე სჯობდა, IMHO
By: Author on October 22, 2011
at 7:41 pm
ტაბუს ახლაც უსაყვარლესი ავატარი აქვს
წინასწარ მაპატიოს მასპინძელმა, მაგრამ ტურიკას აქვს ერთ ჩანახატში (“მეცამეტეშია”, თუ სწორად მახსოვს, რუსეთთან ომზე წერს) “დედამ… ბორისოვიო” და ეს “დედამ… ” იმდენად ორგანულია, ნამდვილი და გულწრფელი, რომ ცენზურა თუ არსებობს სადმე, არც გაგახსენდება.
By: მოლი ბლუმი on October 21, 2011
at 3:18 pm
თავისი საქმისა თვითონ იცის, მარა ეს იასამნისფერი გორგოლაჭი სჯობს ჩექმებიან კატას?
ტურიკას სიტყვები – აი, საკანში სტუმრობისას რომ შესძახა, როცა ყელში ამოუყვანეს – ფორუმზე მქონდა ხელმოწერად
By: Lord Vader on October 21, 2011
at 3:42 pm
ტაბუს ისევ ჩექმებიანი კატა ჰყავს – ჩემს პოსტზე პინგბექი კატით მოვიდა
By: მოლი ბლუმი on October 21, 2011
at 4:48 pm
ეს გორგოლაჭი ავტომატური გრავატარია.
ახალი ბლოგი დავიმატე და ნიკი გამოვცვალე, მერე გრავატარიც, რომლიც წაიშალა. ბლოგის ავატარი დარჩა ძველებურად.
მე თვითონ ვერ გავუგე თავი და ბოლო
By: Author on October 22, 2011
at 7:12 pm
author, gravataris parametrebshi shedi da shecvale, blogis.. aba naxe. magram me es avatari momwns ^^
By: kevana on November 7, 2011
at 10:26 pm
მესმის შენი ^^ თავიდან რომ ვუყურე ფილმს (ჯერ წიგნი არ წამიკითხია
ერთია ქართულად არ წავიკითხავ, რუსულები მაქვს ^^) შოკში ვიყავი :დ
By: kevana on October 21, 2011
at 6:18 pm
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი პოსტი ჩემს ბლოგზე
გულახდილად გითხრა, ყველანაირი აზრი მაინტერესებს – ჩემგან განსხვავებულიც და მსგავსიც. ამიტომ, როცა წაიკითავ, თუ ბლოგზე დაწერ შთაბეჭდილებებს, სიამოვნებით წავიკითხავ
By: Author on October 22, 2011
at 7:14 pm
ავტორს არ ვეთანხმები, რომ ლარშონს ასე ცალსახად კარგ და ცუდ პერსონაჟებად ყავს თავისი გმირები გაყოფილი.. ამ წიგნში ის პრობლემებია წამოჭრილი, რაც ავტორს ძალიან აწუხებდა, მაგალითად ძალადობა ქალებზე, ტრეფიკინგი და მე მგონი საკმაოდ ფემინისტური წიგნიცაა თავისებურად
აჩვენებს, რომ ქალს შეუძლია გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. მოკლედ, მე მომეწონა ტრილოგია
By: lellequeer on October 23, 2011
at 1:32 pm
როგორც ვხედავ, ბოლოგოსფეროში გამონაკლისს წარმოვადგენ
მადლობა, ბლოგზე სტუმრობისა და შეფასებისთვის
By: Author on October 24, 2011
at 1:32 pm
გამონაკლისობას თავისი პეწი და ეშხი აქვს, ტაბუ
By: მოლი ბლუმი on October 24, 2011
at 1:37 pm
მადლობა, მოლი
თუმცა, ღმერთი და რჯული, გამონაკლისობას არასოდეს ვესწრაფვი
By: Author on October 24, 2011
at 1:39 pm
იგივე იყო ავატარის შემთხვევაშიც.
By: Lord Vader on October 24, 2011
at 4:03 pm
არა, რატომ? – “ავატარის” ერთხელ და დიდ ეკრანზე ნახავით ძალიანაც ვისიამოვნე
სხვათა შორის “ავატართან” დაკავშირებულ პოსტზე შენი კომენტარი მაშინაც ძალიან მომეწონა
By: Author on October 24, 2011
at 5:50 pm
შენ გააკრიტიკე ასე მახსოვს და კიდევ ჰიუსტონმა.
მერე მაგის საპასუხოდ დავწერე მიმოხილვა და ჰიუსტონმა თავისი პოსტი წაშალა.
By: Lord Vader on October 25, 2011
at 1:39 am
მე არ მეკუთვნოდა ის კრიტიკა – ქართველი მაყურებლის კრიტიკა მქონდა ციტირებული
შორს კი არაა – აგერ, იხილე: http://tabunia.wordpress.com/2010/01/31/avatar/#more-403
By: Author on October 25, 2011
at 1:45 am
პოსტები არ იწვის
By: Lord Vader on October 25, 2011
at 2:08 am
ხელნაწერის რანგში გადის?
By: Author on October 25, 2011
at 2:26 am
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. სანამ წიგნზე გადავიდოდეთ, შეიძლება მიპასუხოთ რომელი წიგნი გაქვთ წაკითხული კოელიოსი და თუ არი შესაძლებელი გავეცნო მის შესახებ თქვენს მოსაზრებას?
By: GUEST on November 7, 2011
at 1:51 am
“11 წუთი”. მაგრამ ამ თემის კომენტარებში სხვა წიგნის განხილვა ტროლინგი იქნება, ამიტომ არ ვაპირებ.
By: Author on November 7, 2011
at 11:09 am
მე არც მიგულისხმია რომ აქ დაგეწერათ, უბრალოდ თქვენი ბლოგის დასაწყისშივე ისეთი ნეგაიტიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეთ ამ მწერლისადმი, რომ ჩავთვალე ამის შესახებ თქვენი მოსაზრება უკვე გექნებოდათ ვრცლად წარმოდგენილი ადრინდელ ბლოგებში და მხოლოდ ლინკი მინდოდა ამის შესახებ, რომ გავცნობოდი უფრო დეტალურად. ასე რომ ეს ტყუილად აღიქვით ნამდვილად ტროლინგად
რაც შეეხება თავად ამ წიგნის მიმოხილვას, ბუნებრივია ყველას ჩვენი მოსაზრებები გავქვს ყველაფრის შესახებ და ნამდვილად გეთანხმებით, რომ ორ ადამიანს რთულია ერთი ფაქტის თუ მოვლენის შესახებ ერთნაირი დამოკიდებულება და აღქმა ჰქონდეს. ერთადერთი რამაც გამაოცა,ეს თქვენ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებაა კეთილი და ბოროტი პერსონაჟების შესახებ. მემგონი სწორედ რომ სერიოზული წიგნები არ უნდა გვაფიქრებდეს ამაზე და წიგნის დასრულების შემდგომ, არ უნდა ვეძებდეთ თუ რამდენად დადებითი თუ უარყოფითი იყო თითოეული პერსონაჟი. თუნდაც კოელიო, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ სიტყვა “საუკეთესოდ გაყიდვადისადმი” თქვენი დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურისკენ შეცვალა, სრულიად სხვა რამეზე მაფიქრებს. და ეს ძიების პროცესი, რომელიც სულაც არ უაკვშირდება კეთილი და ბოროტი პერსონაჟების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რამ არის წიგნის წაკითხვის შემდგომ (ყოველშემთხვეავში ჩემთვის:) ) რაც გრჩება.
გმადლობ პასუხისათვის:)
By: GUEST on November 8, 2011
at 11:43 am